არჩევნებთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობის შემდეგ პარტიიდან წამოსული, მარიამ ჯაში ამბობს, რომ კენჭისყრამდე კოლეგების ქმედებებმა კითხვები გაუჩინა. ამის შესახებ მან მთავარი არხის ეთერში ისაუბრა.

"იმდენად მოულოდნელი იყო ეს შედეგი, როდესაც ეკრანზე დაფიქსირდა და მით უმეტეს, იმდენად არაბუნებრივად ჩანდა, არამხოლოდ იმ ათეულის, არამედ უფრო მეტი კოლეგის აქტიურობა, ბუნებრივია, ამან გააჩინა კითხვები", — თქვა ჯაშმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, პარლამენტის მოქმედმა და ყოფილმა თავმჯდომარემ იცოდნენ, თუ არა, რომ პარტიის დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი კანონპროექტის ჩაგდებას აპირებდა, დეპუტატმა ასე უპასუხა:

"მე ასე მჯერა, რომ ისინი იყვნენ საქმის კურსში".

2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციულად ჩატარების კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ მარიამ ჯაშმა და მისმა 10-მდე კოლეგამ უმრავლესობა დატოვეს.

ნოემბრის მოვლენები — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.