პარლამენტთან ანტიოპოზიციური კარვის გაშლის პირველივე ღამეს დაპირისპირება მოხდა. როგორც TV პირველის გადაღებულ კადრებში ჩანს, ერთ-ერთი მოქალაქე მეორეს ლითონის ნივთს ურტყამს შემდეგ კი იწყება ფიზიკური დაპირისპირება.

კადრებში ჩანს, რომ ინციდენტს შეესწრო პოლიცია. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ არ აკავებდნენ არავის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელმა ასე უპასუხა:

"კანონს ვინც დაარღვევს, ყველას დავიჭერთ".

On.ge ამ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურიდან ელოდება პასუხს.

რუსთაველზე, პარლამენტის შენობის წინ, სადაც რამდენიმე კვირაა ბიძინა ივანიშვილის დაპირების შეუსრულებლობას მოქალაქეები, პოლიტიკური პარტიები და არასამთავრობო ორგანიზაციები აპროტესტებენ, ანტიოპოზიციური კარავი დაიდგა.