მთავარი არხის ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა მესაზღვრეებმა, საქართველოს საზღვარზე, დავით გარეჯის მიმდებარე ტერიტორიაზე მწყემსი დაჭრეს. არხი აცხადებს, რომ მწყემს, დაახლოებით, 10 ტყვია ესროლეს.

საქართველოსშინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ადასტურებენ, რომ ამ ტერიტორიაზე ინციდენტი მოხდა, თუმცა არ განმარტავენ, დაჭრა თუ არა აზერბაიჯანელმა მესაზღვრემ მწყემსი.

"6 დეკემბერს მომხდარი ინცინდენტის შედეგად დაზარალდა საქართველოს მოქალაქე, რომელიც, მკურნალობის მიზნით, გადაყვანილია შემთხვევის ადგილთან უახლოეს სამედიცინო დაწესებულებაში. პაციენტი უკვე მოინახულეს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და აზერბაიჯანში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლებმა", — აცხადებენ შსს-ში.

უწყება აზერბაიჯანული მხარეზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაზარალებულის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის დამაკმაყოფილებელია.

"მომხდარ ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. პროცესში აქტიურად თანამშრომლებენ ქართველი და აზერბაიჯანელი სამართალდამცავები", — განმარტავს შსს.