საპარლამენტო უმრავლესობა კიდევ ერთმა დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ დატოვა. წასვლის ერთ-ერთ მიზეზად მან თქვა, რომ ხელისუფლებამ "ქვეყნის აღმშენებლობაში" ეკლესიის როლი ვერ გააცნობირა. როგორც ერქვანია ამბობს, ის დამოუკიდებელი დეპუტატის რანგში განაგრძობს საქმიანობას. ამის შესახებ დეპუტატმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთებული ეკლესიისა და პატრიარქის მხარდამჭერი განცხადებები წინასაარჩევნო თვალთმაქცობაა. როცა ეკლესიის მტრები პატრიარქს ცილს სწამებდნენ ხელისუფლება მშვიდად უყურებდა ამ პროცესს და არაფერს აკეთებდა მის შესაჩერებლად. უფრო მეტიც, ქართული ოცნების თავმჯდომარემ მოითხოვა, ეკლესიაში არსებულ თემებს ტაბუ მოხსნოდა და საზოგადოებისათვის პატრიარქის კრიტიკა მისაღები გამხდარიყო", — განაცხადა ერქვანიამ.

ერქვანიამ ეკლესიის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს. ამასთან, განმარტა, რომ უმრავლესობის დატოვებით ის თანაგუნდელებს იმ "უხერხულობას მოუხსნის", რასაც მისი განცხადებების გამო გრძნობდნენ.

ამასთან, ნოემბერში უმრავლესობა 13-მა დეპუტატმა დატოვა, მათ შორის ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა და კონსერვატიული პარტიის ლიდერმა და ვიცე-სპიკერმა ზვიად ძიძიგურმა.

დეპუტატებმა უმრავლესობა მას შემდეგ დატოვეს, რაც ბიძინა ივანიშვილმა პირობა არ შეასრულა და პარლამენტმა 2020 წლისათვის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარებას მხარი არ დაუჭირა. კანონპროექტის მისაღებას 113 ხმა იყო საჭირო, თუმცა 101 მიიღო. 3 დეპუტატი კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, სხვებმა კი თავი შეიკავეს.