სახალხო დამცველის ინფორმაციით, 2019 წლის პირველ ნახევარში სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას დაშავდა 71 და გარდაიცვალა 25 ადამიანი. შრომითი უსაფრთხოების შესახებ აღნიშნული მონაცემები ომბუდსმენის განცხადებაშია მოყვანილი, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

ომბუდსმენის მოსაზრებით, კლების ტენდენციის მიუხედავად, მნიშვნელოვანია სახელმწიფომ გაატაროს აქტიური ღონისძიებები აღნიშნული პრობლემის მაქსიმალურად სწრაფად მოგვარებისთვის.

ამასთან, სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2019 წლის 1 სექტემბრიდან შრომის უსაფრთხოების შესახებ კანონის ყველა სექტორზე გავრცელებას და შრომის ინსპექტორებისთვის ინსპექტირებას დაქვემდებარებულ ნებისმიერ სამუშაო ადგილზე თავისუფალი დაშვების შესაძლებლობის მიცემას.

"ამ ეტაპზე შრომის ინსპექტორებს არ აქვთ შრომის კანონმდებლობის სხვა მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობისა და გამოვლენილ დარღვევებზე შესაბამისი რეაგირების უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის მიერ მომზადებულია კანონმდებლობაში შესატანი შესაბამისი ცვლილებების პროექტი, რომელიც სამუშაო ფორმატით განიხილება სოციალურ პარტნიორებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ერთად", — ამბობს სახალხო დამცველი.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, აღნიშნული კანონპროექტის დროული დამუშავება ყველა რისკების გათვალისწინებით, რათა მაქსიმალურად იქნას დაცული დასაქმებულთა უფლებები.