სამი წლის შემდეგ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები ნორმანდიული ფორმატის ფარგლებში ერთმანეთს ისევ შეხვდნენ. პრეზიდენტის რანგში ვოლოდიმირ ზელენსკი ვლადიმერ პუტინს პირველად შეხვდა. ეს იყო პირველი ნორმანდიული ფორმატი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონისთვისაც, რადგან 2016 წლის მოლაპარაკებებში მისმა წინამორბედმა, ფრანსუა ოლანდმა მიიღო მონაწილეობა.

ინფორმაცია იმის შესახებ თუ როგორ ჩატარდებოდა შეხვედრა, რამდენჯერმე შეიცვალა. თავდაპირველად ვლადიმერ პუტინი და ვოლოდიმირ ზელენსკი ცალ-ცალკე შეხვდნენ გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერებს. შემდეგ გაიმართა ოთხმხრივი მოლაპარაკებები და საბოლოოდ, პუტინმა და ზელენსკიმ პირადადაც ისაუბრეს. რამდენი ხანი გაგრძელდა მათი შეხვედრა ზუსტად უცნობია.

ფოტო: EPA

9 დეკემბრის შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა პატიმრების გაცვლაა. შეხვედრის კომუნიკეს მიხედვით, რუსეთმა, უკრაინამ, თვითგამოცხადებულმა დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებმა ერთმანეთს ის პატიმრები უნდა დაუბრუნონ, რომლებიც სამხედრო კონფლიქტის დროს დააკავეს. მაგრამ თუ პრესკონფერენციაზე ზელენსკი ყველა დაკავებულზე საუბრობდა, პუტინმა ხაზი გაუსვა, რომ მხოლოდ გარკვეული პირები იგულისხმება.

ერთ-ერთ მნიშვნელოვანი საკითხი, უკრაინის საზღვრის კონტროლის თემა მოუგვარებელი დარჩა. საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქში 409-კილომეტრიან რუსეთ-უკრაინის საზღვარზე. ზელენსკი აცხადებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ამასთანავე მოუგვარელებელი დარჩა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის საკითხი. ზელენსკის თქმით, თემის განბლოკვა მოხერხდა:

"რუსეთის პრეზიდენტთან ორმხრივი შეხვედრის დროს ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მგონია, რომ ამ თემის განბლოკვა მოვახერხეთ და ახლა უკვე მრჩევლების დონეზე ვიმსჯელებთ ფორმატზე, მოცულობაზე, ფასსა და სხვა დეტალებზე, რადგან ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

დაზუსტებით ცნობილია, რომ მხარეებმა არ ისაუბრეს ანექსირებულ ყირიმზე. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი ამ თემის წამოწევას აპირებდა, თუმცა კრემლმა მანამდე გააფრთხილა, რომ განსახილველი არაფერია.

ნორმანდიულ ფორმატში შემდეგი შეხვედრა ოთხ თვეში უნდა გაიმართოს. უკრაინის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ამჯერად მასსა და პუტინს შორის თანაბარი ანგარიშია.