არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიული ინიციატივის (GDI) განცხადებით, 2019 წელს მკვეთრად გაუარესდა მდგომარეობა შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლების დაცვის კუთხით. ამის მაგალითად მათ 20-21 ივნისის აქციისა და პარლამენტის პიკეტირებების დაშლა და LGBTQI თემისთვის გამართული კონტრაქციები მოჰყავთ.

მათი განცხადებით, პარლამენტის ბლოკირება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა, თუმცა სამართალდამცავი ორგანოების ქცევა და გამოყენებული ძალა ლეგიტიმაციას აცლის მოქალაქეთა შეკრების თავისუფლებაში ჩარევას. ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ სახელმწიფო მანიფესტაციის დასაშლელად მიმართავს არაპროპორციულ ძალას და არ იცავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ მანიფესტაციის დაშლის წესსა და პროცედურებს.

გარდა ამისა, ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფოს აკისრია პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს კერძო პირთა მიერ ამ უფლებით სარგებლობა და არ დაუშვას მესამე პირების მხრიდან აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის ნებისმიერი ფორმა.

"მიუხედავად ამისა, ხშირია კონტრაქციის მონაწილეებისმ მხრიდან ძალადობის გამოვლენის შემთხვევები, რაზეც სამართალდამცავი უწყებებიმარასათანადოდ რეაგირებენ", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

მათივე თქმით, პოლიციამ არ გამოიჩინა საკმარისი ძალისხმევა, რომ კონფლიქტები აერიდებინა ქართული ოცნების ოფისთან, სადაც სამოქალაქო აქტივისტების პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა კონტრაქცია გაუმართეს და ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

"პოლიციის არასაკმარისი რეაგირება და არსებული დაძაბული ფონი მთლიანობაში ქმნის ვითარების ესკალაციის სერიოზულ საფრთხეებს, რაზეც პასუხისმგებლობა მოქმედ ხელისუფლებას ეკისრება"

6-თვიანი პროტესტი — მოკლედ

20 ივნისს საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ თავმჯდომარის სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეები და ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ პარლამენტის თავმჯდომარის, სუს-ის ხელმძღვანელის და შს მინისტრის გადადგომას.

მშვიდობიანი პროტესტი მოგვიანებით დაპირისპირებაში გადაიზარდა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა აქციის დაშლა დაიწყო. სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცავი იყო. დაშავებულებიდან 2-მა თვალი დაკარგა, მათ შორის 18 წლის გოგომ. საგამოძიებო უწყებამ დაზარალებულად 67 სამართალდამცავი და 4 მოქალაქე ცნო. ამავე საქმეზე ბრალი წაუყენეს 3 სამართალდამცავსა და 17 მოქალაქეს.

დაშლის შემდეგ სამოქალაქო პროტესტი რამდენიმე თვეა გრძელდება. მოქალაქეები შს მინისტრის პასუხისმგებლობის დადგომას, მის გადაყენებას და პროპორციულ საარჩევნო სისტემას ითხოვდნენ. შს მინისტრი პრემიერობამდე დააწინაურეს, პროპორციული საარჩევნო სისტემა კი მოსახლეობას დაპირდნენ და შემდგეგ პარლამენტში კანონპროექტი ჩააგდეს.

ამის შემდეგ პროტესტი ქვეყნის მასშტაბით გაგრძელდა. ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო საზოგადოებამ შექმნა ერთიანი პლატფორმა — ერთად ერთის წინააღმდეგ, რომელშიც სხვადასხვა იდეოლოგიის მქონე, წარსულში დაპირისპირებული პარტიებიც გაერთიანდნენ. მათი მთავარი მოთხოვნა იყო ვადამდელი პროპორციული არჩევნები ე.წ. გერმანული მოდელით.

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.