რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბერლინში საქართველოს მოკლულ მოქალაქეს, ზელიმხან ხანგოშვილი "ბოევიკს" უწოდებს და აღნიშნავს, რომ რუსეთი მის ექსტრადირებასაც ითხოვდა. ამის შესახებ მან პარიზში ნორმანდიული ოთხეულის სამიტის პრესკონფერენციაზე გერმანული გამოცემის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"თქვენ თქვით ქართველის მკვლელობა — ეს მთლად ასე არაა. მე ვიცი, რომ ბერლინში დაიღუპა ადამიანი. უბრალოდ ქართველი არაა, ეს ის ადამიანია, რომელიც, კავკასიაში სეპარატისტების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში აქტიურად იღებდა მონაწილეობას. ნაციონალობით ის ქართველი არაა. ჩვენთა ეს ადამიანი ძებნაში იყო, ძალიან სასტიკი ადამიანია", — განაცხადა პუტინმა.

გარდა ამისა, მან ხანგოშვილის მოსკოვის ტერაქტსა და 98 ადამიანის მკვლელობაში დაადანაშაულა. პუტინი ამტკიცებს, რომ არ იცის ხანგოშვილს რა მოუვიდა, რადგან "ეს ბანდიტური გარემოცვაა" და "ყველაფერია შესაძლებელი".

ამასთანავე, რუსეთის პრეზიდენტმა ბერლინიდან რუსი დიპლომატების გაძევებას არაკორექტული უწოდა:

"თქვენ საპასუხო ზომებზე მკითხეთ. არსებობს დაუწერელი პრაქტიკა, დაუწერელი კანონები: თქვენ აძევებთ ჩვენ დიპლომატებს, ჩვენ ვაძევებთ თქვენსას. სულ ესაა. არის თუ არა ეს ურთიერთობაში რაიმე კრიზისი? არაფერი კარგი ამაში არაა, მაგრამ არ მგონია, რომ რაიმე კრიზის არის ან უნდა იყოს. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რათა ამაში გავერკვეთ და ჩვენს გერმანელ კოლეგებს დავეხმაროთ".

თავის მხრივ გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ რუსეთისგან თანამშრომლობას ელის და იმ ინფორმაციის მიწოდებას ითხოვს, რომელიც რუსულ მხარეს აქვს.

საქართველოს მოქალაქე, პანკისელი ზელიმხან ხანგოშვილი გერმანიაში ველოსიპედით გამვლელმა მოკლა. იგი 23 აგვისტოს ლოცვაზე მიდიოდა, როდესაც თავში ესროლეს. ხანგოშვილის მკვლელობის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე დააკავეს, რომელიც ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.

ზელიმხან ხანგოშვილმა საქართველო ორი წლის წინ დატოვა, მას შემდეგ, რაც 2015 წლის 28 მაისს, თბილისის ცენტრში, მირზა გელოვანის ქუჩაზე მძიმედ დაჭრეს. ხანგოშვილს მაშინ ოთხი ტყვია მოხვდა. გამოცემისვე ინფორმაციით, ხანგოშვილი ლაფანყურის სპეცოპერაციასაც უკავშირდება. ამასთანავე, ის რუსეთ-ჩეჩნეთის ომის მონაწილეა.

ხანგოშვილის მკვლელობის საქმის გამო ბერლინიდან რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გააძევეს. როგორც გერმანიის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, რომ რუსეთი ზელიმხან ხანგოშვილის საქმის გამოძიებაში არ თანამშრომლობს, რის გამოც საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადეს.

ამავე თემაზე: