შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყების საიმიჯო სერიალის, პოლიციის ფაილების 20 სერიის გადაღება 417 020 ლარი უჯდება. მასალები იმედის ეთერში გადის, შსს-თვის საიმიჯო სერიალს კი შპს ნოვა პროდაქშენსი იღებს, რომელიც გადაცემებს მასტერშეფსა და საქართველოს ვარსკვლავსაც ამზადებს.

"მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაცია, რომლის წინაშეც სამინისტრო უნდა წარსდგეს, როგორც ქმედითი, თანამედროვე, სამართლიანი და ეფექტური სამართალდამცავი სტრუქტურა, რომლის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა მაღალია", — ასე ხსნის უწყება სერიალის გადაღების მნიშვნელობას.

საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტში, რომელიც მთავრობამ უნდა დაამტკიცოს, წერია, რომ ამ ვიდეოების გადაღება შსს-ს "სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით" ტენდერის გარეშე შეუძლია.