პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ საქართველოში მიუღებელი იქნება ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც რუსულ ცენტრებს მოემსახურება. მისივე თქმით, ეროვნული ინტერესების ხარჯზე, დათმობები არ იქნება.

"როდესაც ჩვენ ვუპირისპირდებით რუსულ პროპაგანდას, რომელსაც გარკვეული მოკავშირეები ჰყავს საქართველოშიც და ზოგიერთი მათგანი შესაძლოა, იყოს ჩვენი მწვავე ოპონენტიც, მით უმეტეს ჩვენ ხელს არ შევუწყობთ და მიუღებელი იქნება თბილისში ან რეგიონებში რაიმე ისეთი ცენტრების გახსნა, რომელიც რუსულ ინტერესებს მოემსახურება", — აღნიშნა თალაკვაძემ.

დღეს, 9 ოქტომბერს რუსეთის საკითხებში პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, რომ საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის გახსნის კვალს ვერ მიაკვლიეს. მისივე თქმით, მსგავსი ინიციატივა სახელისუფლებო დონეზე არც განხილულა.

"რაც შეეხება ერთ ერთ კომერციულ ორგანიზაცია, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ, ანუ ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ვერ მივაკვლიეთ", — აღნიშნა აბაშიძემ.

რუსულ სახელისუფლებო მედიაში გავრცელდა რუსეთის საბჭოს სენატორის, გრიგორი კარასინის კომენტარი იმის შესახებ, რომ საქართველოში რუსული ენისა და კულტურის ცენტრის გახსნა იგეგმება. მისი მტკიცებით, ამის შესახებ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელთან, ზურაბ აბაშიძესთან შეხვედრისას შეთანხმდა.

On.ge-სთან საუბარში ზურა აბაშიძემ არ დაადასტურა, რომ შეთანხმება შედგა. მისი თქმით, მან კარასინისგან მოისმინა, რომ ერთ-ერთ კომერციულ ცენტრს მსგავსი იდეა აქვს და უპასუხა, რომ სიტუაციაში თბილისში ჩასვლისთანავე გაერკვეოდა.