უმრავლესობის სხდომის დაწყების პარალელურად მმართველი პარტიის ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები კვლავ აქციას მართავენ. ქართული ოცნების სხდომა რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

აქტივისტებმა ოფისთან მიიტანეს აფიშა, რომელიც სპექტაკლ "ბიძინას კარის თამაშებს" აანონსებს. მათი თქმით, პიესის ავტორი ვლადიმერ პუტინია, სპონსორები კი მასთან დაახლოებული რუსული კომპანიები: იანდექსი და გაზპრომი. მათივე განმარტებით, პიესის დამდგმელი რეჟისორი თავად ივანიშვილია და მთავარ როლებში მმართველი პარტიის წევრები ჰყავს. აქტივისტებმა მათ სასცენო სახელებიც შეურჩიეს: "დიმიტრი ურჩი ხუნდაძე"; "კახა შუათითა კალაძე"; "კობა ვიღაც ლურსმანაშვილი" და სხვები. აფიშის მიხედვით, მასიურ კადრებში მონაწილეობენ "ზონდერები და სხვანი".

შეხვედრის დაწყებამდე უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ თქვა, რომ მისთვისაც უცნობია, რა თემაზე უნდა ისაუბრონ შეხვედრაზე.

ბოლო მოვლენები მოკლედ

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი მმართველმა პარტიამ ჩააგდო, თბილისში რამდენიმეათასიანი აქცია დაიწყო. აქციები მალევე პარლამენტის პიკეტირებასა და "დაბოქლომების" აქციაში გადაიზარდა. პარლამენტთან პიკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლით ორჯერ დაშალა.

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლის იდეა სამოქალაქო სექტორმა გააჟღერა, რასაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.

მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა, მათი მტკიცებით ეს მოდელი არაკონსტიტუციურია. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება მხოლოდ ორჯერ გაიმართა.