პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ ევროპარლამენტარების მხრიდან საპროტესტო აქციებზე დაკავებულების პოლიტპატიმრებად შეფასება, ოპოზიციის მიერ ინფორმაციის სწრაფად და "დამაჯერებლად" მიწოდების შედეგია.

მისი თქმით, პარლამენტზე ძალადობრივი შეტევის გადაწყვეტილებას არც ერთი დემოკრატიული სახელმწიფო "არ მოითმენს".

"ეს არის პოლიტიკური პროცესი, ვინ შეძლებს თავისი ინფორმაციის მიწოდებას უფრო სწრაფად, უფრო დამაჯერებლად. რეალურად, ამ პროცესში ვართ. ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე საქართველოში გადაწყვეტილებას პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი ან არ დაარღვია. ამაზე გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და გამოძიებას ატარებს პროკურატურა", — განაცხადა თალაკვაძემ.

ევროპარლამენტარებმა 8 დეკემბერს ოპოზიციასთან და მმართველ პარტიასთან შეხვედრისას განაცხადეს, რომ ხალხი, რომელიც ქუჩაში, მშვიდობიან პროტესტში მონაწილეობს, ქუჩაშივე უნდა დარჩეს და დემოკრატია დაიცვას. ამასთან, ხელისუფლებას პოლიპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდეს.