2019 წელი მთელი კინოინდუსტრიისთვის საინტერესო და ნაყოფიერი გამოდგა, თუმცა, როგორც გაირკვა, განსაკუთრებულად წარმატებული ის კინოსტუდია დისნეისთვის აღმოჩნდა.

ბოლო მონაცემებით კომპანიის წლევანდელმა შემოსავლებმა ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე $3.28, საერთაშორისო მასშტაბით კი $6.7 მილიარდს მიაღწია, რამაც საბოლოო ჯამში უკვე თითქმის $10 მილიარდი შეადგინა. თანაც ეს ყველაფერი იმის გათვალისწინებით, რომ ჯერ კიდევ არ გამოსულა კინოთეატრებში ისეთი ცნობილი ბლოკბასტერი, როგორიცაა Star Wars: The Rise of Skywalker — მისი პრემიერა 20 დეკემბერსაა დაგეგმილი.

წლის 10 ყველაზე შემოსავლიან ფილმს შორის ექვსი ფილმი სწორედ დისნეის ეკუთვნის: Avengers: Endgame ($2.79 მილიარდი), The Lion King ($1.6 მილიარდი), Captain Marvel ($1.2 მილიარდი), Toy Story 4 ($1.07 მილიარდი), Aladdin ($1.05 მილიარდი) და Frozen 2 ($920 მილიონი). მათ შორის Avengers: Endgame ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა და ამით ისეთი კინოსურათების შედეგები გააუმჯობესა, როგორებიცაა ავატარი და ტიტანიკი.