უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, მზია თოდუა კანონს არღვევს და კანონით გათვალისწინებულ ვადაში ახალ მოსამართლეს არ ირჩევს. ამის შესახებ განცხადებას კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის ავრცელებს.

კოალიციის თოდუას მხრიდან კანოდარღვევაზე საკონსტიტუციო სასამართლოს ორგანულ კანონზე დაყრდნობით საუბრობს. კანონის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა უნდა გამწესდეს ახალი მოსამართლე.

მზია თოდუას ახალი მოსამართლით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მაია კოპალეიშვილი უნდა ჩაენაცვლებინა. კოპალეიშვილს უფლებამოსილების ვადა 5 დეკემბერს ამოეწურა.

"უზენაეს სასამართლოს ქალბატონი მაია კოპალეიშვილის შემცვლელი დღემდე არ აურჩევია, რითაც ის კანონის მოთხოვნებს არღვევს. ამაზე კი პასუხისმგებლობა უპირველესად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, ქალბატონ მზია თოდუას ეკისრება. სწორედ მისი ვალდებულებაა უზენაესი სასამართლოს პლენუმს წარუდგინოს ახალი მოსამართლის კანდიდატურა", — ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა წევრიდან სამ წევრს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს უფლებამოსილება 10 წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება და მისთვის უფლებამოსილების გაგრძელება დღევანდელი მოცემულობით დაუშვებელია, მათ შორის მიმდინარე საქმეების დასრულების მიზნით.

კოალიცია მიიაჩნევს, რომ გამოკლებული მოსამართლის დროულად ჩაუნაცვლებლობა კონსტიტუციურ მართლმსაჯულებისთვის დამატებითი გამოწვევაა. კოალიცია მოუწოდებს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელსა და პლენუმს უმოკლეს ვადებში დანიშნოს მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში.