მმართველი პარტია და ოპოზიცია 2020 წლის მრავალმანდატიან მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებზე შემდეგ შეხვედრაზე ისაუბრებს. ესაა ერთადერთი საკითხი, რომელზე შეთანხმებაზეც ევროპარლამენტარებთან თითქმის ოთხსაათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ისაუბრეს.

ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრის შემდეგ მიღწევებზე საუბრობდნენ, ხელისუფლება კი კვლავ აღნიშნავდა, რომ გერმანული მოდელის ვარიაციებით არჩევნები არ ჩატარდება.

"დღევანდელი შეხვედრა არის წარმატება იმ გზაზე, რომელსაც ჩვენ ვადგავართ — ქართული ოცნების იძულება დიალოგზე წამოსვლის. გამარჯვებისთვის ცოტა დრო არის დარჩენილი", — თქვა ახალი საქართველოს ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი ევროპული საქართველოდან, გიგა ბოკერია ამბობს, რომ მოლაპარაკებების პარალელურად გაგრძელდება აქციები.

"წარმატება იქნება, როცა შედეგს დავდებთ", — დასძინა მან.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და გაგრძელდება მხოლოდ იმ მიმართულებით, რომელიც დღევანდელ საკანონმდებლო ჩარჩოებში ექცევა.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი მმართველმა პარტიამ ჩააგდო, თბილისში რამდენიმეათასიანი აქცია დაიწყო. აქციები მალევე პარლამენტის პიკეტირებასა და "დაბოქლომების" აქციაში გადაიზარდა. პარლამენტთან პიკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლით ორჯერ დაშალა.

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლის იდეა სამოქალაქო სექტორმა გააჟღერა, რასაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.

მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა, მათი მტკიცებით ეს მოდელი არაკონსტიტუციურია. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება მხოლოდ ერთხელ გაიმართა. ისიც უშედეგოდ. მმართველი პარტია არ აპირებს დათმობაზე წასვლას.