2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს დღეს, 8 დეკემბერს, 18 საათზე შეხვდებიან.

"მოხარული ვარ, რომ დიალოგი დაიწყო. გასულ კვირას გაიმართა პირველი შეხვედრა, რაც პოზიტიურია. მიხარია, რომ დიალოგის გაგრძელებაზე შეთანხმება მოხდა... ვიმედოვნებ, რომ კონსტრუქციულ ფარგლებში ჩაივლის და მხარეები გზების მოძებნას შეეცდებიან", — ამბობს ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებულ კომენტარში აშშ-ს ელჩი საქართველოში.

მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილის დაპირება არ შესრულდა და 2020 წლის არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი მმართველმა პარტიამ ჩააგდო, თბილისში რამდენიმეათასიანი აქცია დაიწყო. აქციები მალევე პარლამენტის პიკეტირებასა და "დაბოქლომების" აქციაში გადაიზარდა. პარლამენტთან პიკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ წყლის ჭავლით ორჯერ დაშალა.

პროპორციული სისტემის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ე.წ გერმანულ მოდელზე გადასვლის იდეა სამოქალაქო სექტორმა გააჟღერა, რასაც ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი. ვინაიდან კანონპროექტის ჩაგდების მიზეზად მაჟორიტარი დეპუტატების უკმაყოფილება დასახელდა, პროტესტის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ეს მოდელი მათ პარლამენტში მოხვედრასაც ითვალისწინებდა.

მმართველი გუნდი შეთავაზებას არ დათანხმდა, მათი მტკიცებით ეს მოდელი არაკონსტიტუციურია. ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებდა, რომ თემა დახურულია და ისინი სხვა ფორმატზე აღარ იმსჯელებენ.

ოფიციალური ინფორმაციით, ამ დრომდე ამ საკითხზე მმართველ პარტიასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკება მხოლოდ ერთხელ გაიმართა. ისიც უშედეგოდ. მმართველი პარტია არ აპირებს დათმობაზე წასვლას.