საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ ზაფხულის აქციების მუხტის მინელების ერთ-ერთი ფაქტორი საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები გახდა. ამის შესახებ მან გიორგი თარგამაძის ფორმულაში ისაუბრა.

"გახარიასთან დაკავშირებით, როდესაც ის შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ეს ვანდალიზმი მოხდა რუსთაველზე და ამისთვის მას პასუხს სთხოვდნენ, რა გააკეთეს ჩვენმა პატივცემულებმა? ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორმა? გამოვიდნენ და ჭკუის სწავლების ტონით გვითხრეს, რომ ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ საკითხებზე უნდა ჩატარდეს გამოძიება და ჩვენ ველით გამოძიების უსწრაფეს შედეგებს. გეგონება პოლიტიკური პასუხისმგებლობა ქართველების გამოგონილი ტერმინია... ფაქტობრივად, გახარიას ბოლომდე მისცეს უფლება, რომ შენარჩუნებულიყო. ასეთი პირდაპირი ფრაზა იყო, რომ ველით უსწრაფეს გამოძიებას. ეს მინისტრი, რომელიც გამოძიების ობიექტია, უცბად პრემიერი რომ გახდა, კითხვა კი არ დასვეს რანაირად ხდება პრემიერი ადამიანი, რომელიც გამოძიების ობიექტია, წავიდნენ და მიულოცეს", — განაცხადა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, საერთაშორისო მოკავშირეებმა რუსთაველის წინ მდგარ ახალგაზრდებს "სერიოზული დარტყმა მიაყენეს".

"როდესაც გამოდიხარ და მეუბნები, რომ მე თქვენი ქვეყნის საქმეებში არ ვერევი, მაგრამ მეუბნები, რომ ნორმალურ დემოკრატიაში გამოძიება უნდა ჩატარდეს. ჯერ ეს ერთი, გამოდის, რომ ერევი. ამ განცხადებას, რომ გააკეთებ, იმ კაცს, პრემიერად რომ დანიშნავენ, სინდისის გულისთვის უნდა დააყოლო გამოძიებაში რა ხდება", — აღნიშნა ყოფილმა პრემიერმა.

გადაცემაში გიორგი მარგველაშვილმა, ასევე, მოძრაობა #სირცხვილიას მიერ ორგანიზებული აქციების წარმატებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნულმა აქციებმა ახალი პოლიტიკური წინააღმდეგობისა და პოლიტიკური კულტურის ფაქტი მოგვცა:

"არა პოლიტიკურმა პარტიებმა, არამედ სამოქალაქო პირებმა სამი თვე ზაფხულში დააყენეს აქცია. ერთ-ერთი ყველაზე რთულად შესასრულებელი სავარჯიშოა პოლიტიკოსისთვის".