ჯგუფ Showtime-ის წევრებთან ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ აპარატურის გამქირავებელი კომპანია GeoVoice ძალადობას ემიჯნება. კომპანიის თანამშრომლებმა ჯგუფ Showtime-ის წევრებს სცემეს. შემთხვევა 9 ნოემბერს მოხდა.

GeoVoice-ში აცხადებენ, რომ 15-წლიანი პრაქტიკის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა:

"ვგმობთ ადამიანების ბულინგს, შეურაცხყოფას და კლასობრივი ნიშნით სეგრეგაციას, არ შეიძლება შენი კონცერტის ორგანიზებაში მონაწილე ადამიანებს ეძახდე მუშებს დამამცირებელი ფორმით, აგინებდე და მათ მოთმინებას ცინიკური ფორმებით ზომავდე, რადგან ისინი სწორედ შენი კონცერტის/ივენთის ტექნიკური უზრუნველყოფით არიან დაკავებული...

კომპანია ჯეოვოისის მიმართ ამ დღეებში გაჟღერდა ფრაზები, ხშირ შემთხვევაში უსამართლო. რა თქმა უნდა, ყველაფერზე პასუხის გაცემა შეუძლებელია და გამოვყოფთ ერთს. თითქოს ჩვენ პატივს არ ვცემთ ქართველ არტისტებს/ბენდებს. გვინდა ერთმნიშვნელოვნად განვაცხადოთ, ჩვენი პრიორიტეტი იყო და იქნება ქართველი არტისტების/ბენდების მხარდაჭერა, რაც არამარტო სიტყვით, არამედ საქმით გამოიხატებოდა. მათ შორის ინციდენტში მონაწილე არტისტებისთვის და მათი ხელმძღვანელისთვის (როგორც ის თავს უწოდებს) არაერთხელ აღმოგვიჩენია დახმარება", — ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

აპარატურის გამქირავებელი კომპანიის, GeoVoice-ის თანამშრომლებმა ჯგუფ Showtime-ის წევრებს სცემეს. ამის შესახებ ინფორმაცია, თავდაპირველად, მუსიკალურმა ჯგუფმა გაავრცელა და კომპანიაშიც ადასტურებენ, თუმცა ინციდენტის დაწყების განსხვავებულ მიზეზებზე ყვებიან.

ჯგუფის წევრები იხსენებენ, რომ ინციდენტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ტელეფონზე საუბრის დროს პრეტენზია გამოთქვეს მათ მიერ მოთხოვნილი ტექნიკის არასრულად მიწოდების გამო. მათივე თქმით, ამ სატელეფონო ზარიდან რამდენიმე წუთში კომპანიის წარმომადგენელები ადგილზე მივიდნენ.

"მოვიდნენ, მანქანაში ჩაგვიჯექიო — უთხრეს ჩემს დრამერს. მან უთხრა, არსად არ წამოვალ, რაც გინდა მითხარიო. ეგრევე სახეში "წყვიტეს" [დაარტყეს], ძვალი ჩაამსხვრიეს. ჩვენგან არანაირი პროვოცირება არ მომხდარა", — უთხრა Showtime-ის ვოკალისტმა, მიშო ელიავამ On.ge-ს.

მუსიკალური ჯგუფისგან განსხვავებით, ინციდენტის დაწყების მიზეზს კომპანია Geovoice მათ აბრალებს.

"ტყუილად, ხო იცით, არავინ არავის არ ესხმის თავს.. ამ ბენდმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჩემს თანამშრომელს და შეგინებას ლოგიკური გაგრძელება მოყვა... არანაირი განსაკუთრებული ჩხუბი არ მომხდარა", — უთხრა On.ge-ს კობა მათითაიშვილმა, კომპანია Geovoice-ის ტექნიკურმა დირექტორმა.