ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე ათ მშობელსა და მასწავლებელს აღკვეთი ღონისძიების საქმეზე პატიმრობა შეუფარდეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესი დახურული იყო.

ადვოკატები აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს ან სხვა არასაპატიმრო ღონისძიებას ითხოვდნენ. დაცვის მხარე აცხადებს, რომ მშობლები თვითონ არიან დაზარალებულები, რადგან ფოტოსესიის შინაარსის შესახებ არაფერი იცოდნენ და ისინი მოატყუეს.

საქმის პროკურორი, მარიამ გოგორელიანი აცხადებს, რომ როგორც მშობლებმა, ისე მასწავლებელმა ფოტოსესიის შინაარსის შესახებ იცოდნენ და მათ ამაში ანაზღაურებაც აიღეს.

"ყველა მათგანს თვითონ მიჰყავდა საკუთარი შვილი ფოტოების გადასაღებად, იმყოფებოდნენ იმავე ბინაში, სადაც იღებდნენ ფოტოებს. არსებობს ფოტო-ვიდეო მასალა, რაზეც ძირითადად არის პორნოგრაფია ასახული. აგრეთვე არის ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩანაწერები როგორც ვიდეო, ასევე, აუდიო ჩანაწერები, აგრეთვე, სხვადასხვა სოციალური ქსელებით მიმოწერები ბრალდებულებს შორის, რითაც დასტურდება რომ იცოდნენ შინაარსი, ასევე ანაზღაურების მიღების ფაქტები", — აცხადებს პროკურორი.

5 დეკემბერს ბავშვთა პორნოგრაფიის საქმეზე მშობლები და მასწავლებელი დააკავეს. სულ დაკავებულია 11 პირი.

"მშობლებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ბავშვები მიჰყავდათ აშშ-ის მოქალაქის მიერ თბილისში კონსპირაციულად მოწყობილ ფოტოსალონში, სადაც ხდებოდა არასრულწლოვნების პორნოგრაფიული შინაარსის ფოტო-ვიდეო მასალის გადაღება, უცხოეთში შემდგომი რეალიზაციის მიზნით", — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების დაკავებული მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევის პროცესში. მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვნების დაკავებული მასწავლებელი აქტიურად იყო ჩართული ბავშვების შერჩევის პროცესში.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143² მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის "გ" ქვეპუნქტითა და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლებით წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების უკანონოდ დამზადება-გასაღება და ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგში ჩართვა 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

ბავშვთა ტრეფიკინგის საქმეზე სულ 22 ადამიანია დაკავებული. მათგან 11 რამდენიმე თვის წინ დააკავეს.

ამავე თემაზე: