ევროკავშირის ელჩს საქართველოში, კარლ ჰარცელს იმედი აქვს, რომ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები არასამთავრობო ორგანიზაციების როლს ფუნდამენტურად არ შეცვლის. მისი განცხადების თარგმანს ფორმულა ავრცელებს.

"ცხადია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების მუშაობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს და მას პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ", — აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

27 ნოემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს ამერიკის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. ის მათ მიერ ჩატარებული პოლიტიკური კვლევებით კვლავ უკმაყოფილო იყო.

მან თქვა, რომ მათ შესახებ კონგრესის, სენატისა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმირებისთვის ღია წერილის გამოქვეყნებასაც კი გეგმავს.

ივანიშვილის ნათქვამის მიხედვით, ამერიკელი ხალხისგან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების კრიტიკით, აშშ-ს ინტერესებს აზიანებენ.

"იმდენად არასანდოა ეს კვლევები, რომ შეიძლება ამაზეც მიდის მუშაობა, რომ აი, ამერიკული ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას", — თქვა NDI-სა და IRI-ის კვლევებზე ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამ მიზეზით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დაფუძნებული ორგანიზაციები საქართველოში "დევალვაციას განიცდიან". გარდა ამისა, მან იმედზე სტუმრობის დროსაც სცადა ქართული არასამთავრობო დისკრედიტაცია.

"ნაცებმა, თავის დროზე, მოარგეს იმ სქემას, რასაც ამერიკელები ითხოვდნენ და მოდის დაფინანსება. არადა იქ ჰყავს ჩანერგილი თავისი ადამიანები", — თქვა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ეზიზღებათ.

ამავე თემაზე: