სამოქალაქო მოძრაობის ლიდერი, ალეკო ელისაშვილის აცხადებს, რომ დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახაბერ ოქრიაშვილმა დაურეკა და უთხრა, რომ პატივს სცემდა.

დღეს, 7 დეკემბერს ელისაშვილი მხარდამჭერებთან ერთად დმანისში ჩავიდა, სადაც ე.წ. მაჟორიტარების მხილების კამპანიას აგრძელებს. მათ ქალაქში მისასალმებელი ბანერები დახვდათ.

"სტუმართმოყვარე დმანისი. კეთილი იყოს ოპოზიციისა და არამარტო ოპოზიციის მობრძანება დმანისში", — წერია ოქრიაშვილის მისასალმებელ ბანერზე. გარდა ამისა, ქალაქში გავრცელებულია პლაკატები წარწერით "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ალეკო".

"როგორც ჩანს დაინახა და იგრძნო საით დაუბერა ქარმა. სხვა მაჟორიტარებისგან განსხვავებით აშკარად მას ბარგი აქვს ჩალაგებული და უნდა ჩვენკენ, აქეთა ოპოზიციისკენ ურთიერთობის დალაგება. არ დავმალავ, რამდენიმე დღის წინ დამირეკა და მითხრა პატივს გცემო, ჩემდა გასაკვირად, არა და მას ტელევიზიით ძალიან მწარედ მოვიხსენიებდი. მთელი ქალაქი აქვს აჭრელებული სმაილიკებით. ამის მიუხედავად, კახა ოქრიაშვილი არის იმ ფეოდალი მაჟორიტარების კოჰორტის წარმომადგენელი, რომლებიც ხალხის ხარჯზე მდიდრდებიან", — აღნიშნა ელისაშვილმა რუსთავი 2-თან.

ფოტო: სამოქალაქო მოძრაობა

როგორც დმანისის მაჟორიტარმა, კახაბერ ოქრიაშვილმა On.ge-ს უთხრა, ბანერები მისი ინიციატივითა და პირადი ხარჯებით დამზადდა. მისივე მტკიცებით, მას არ სურს მოქალაქეებს შორის დაპირისპირება.

"არ მსურს ვიხილო პოლიტიკური ჩხუბები. ინტრიგები და მაიმუნობები. ამიტომ გავაკეთე. ვნახე, რომ ალეკო ელისაშვილი მობრძანდებოდა დმანისში და ასეთი იუმორისტული დახვედრა მოვაწყვეთ იმიტომ, რომ არ მინდა პოლიტიკური დაძაბული იყოს ქვეყანაში. ეს არის მესიჯი", — განაცხადა ოქრიაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის სამოქალაქო მოძრაობამ მაჟორიტარი დეპუტატების ე.წ. მხილების კამპანია დაიწყო. დღეს, 7 დეკემბერს ალეკო ელისაშვილი აპირებს, რომ დმანისის მოსახლეობას კახაბერ ოქრიაშვილის საქმეები გააცნოს და პროპორციული სისტემის უპირატესობაზე ისაუბროს.

კახა ოქრიაშვილი ერთ-ერთი ის დეპუტატია, რომელიც პროპორციულ საარჩევნო სისტემას ეწინააღმდეგება. მისი მოსაზრებით, მოსახლეობის 99 პროცენტი ვერ ერკვევა რა არის კარგი პროპორციულ საარჩევნო სისტემაში.