ქუთაისში მიმდინარე ოპოზიციის აქციის მონაწილეების მიმართ აგრესიისა და კვერცხების სროლის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს არავინ დაუკავებიათ. ამის შესახებ On.ge-ს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს.

ოპოზიციის დროებითი გაერთიანების ლიდერები მხარდამჭერებთან ერთად ქუთაისში საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავდნენ. სწორედ ამ მიზეზით ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც გაიმართა. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც აგრესიული პირები, რომლებსაც სახე ჰქონდათ დაფარული ოპოზიციის აქტივისტებთან დაპირისპირებას ცდილობდნენ და მათ სხვადასხვა ნივთებს ესროდნენ. გარდა ამისა, უცხო პირებმა სახურავებიდან აქციის მონაწილეებს კვერცხები ესროლეს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. ოპოზიციური პარტიები გაერთიანდნენ და შექმნეს ახალი პლატფორმა "ერთად ერთის წინაამდმდეგ", რომლის მიზანიც გერმანული საარჩევნო მოდელის მოთხოვნაა.

აქტივისტებისა და პარტიის მხარდამჭერების საერთო პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანო, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ, მხარდამჭერებსა და აქტივისტებს კი ფიზიკურად უსწორდებოდნენ.