პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძისგან განსხვავებით, ვიცე-პრემიერი მაია ცქიტიშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე მათი თანაგუნდელისგან ოპოზიციის მიმართ გინებას გმობენ.

"რაც შეეხება დიტო სამხარაძის საკომუნიკაციო სტანდარტს, რა თქმა უნდა, ვერ მოვიწონებ მიუხედავად იმისა, რომ და კიდევ უფრო იმის გამო, რომ ჩემი თანაპარტიელიც არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ შეიძლება ძალიან ბევრი პერსონალური ემოციები გვქონდეს, ჩვენ გვაქვს ვალდებულება რომ უფრო მარალი სტანდარტი დავიცავთ", — აცხადებს მაია ცქიტიშვილი.

კახა კალაძის თქმით, სამწუხაროა, როცა საზოგადოება ისეთ გარემოში ცხოვრობს, რომ ტელევიზიიდან გინება ესმის.

"ეს არ არის მიღებული, არ არის სწორი ფორმა, ვინც არ უნდა იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. როგორ შეიძლება მოვიწონო ბილწსიტყვაობა, ამიტომ ყველას მინდა მოვუწოდო კორექტულობისკენ და სიმშვიდისკენ", — თქვა კალაძემ თანაგუნდელზე საუბრისას.

ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ 2 დეკემბერს პარტიის ოფისთან მიმდინარე დაპირისპირების დროს ფესიბუქგვერდზე შეურაცხმყოფელი და უცენზურო პოსტი გამოაქვეყნა. ის მიმდინარე მოვლენებში მიხეილ სააკაშვილს ადანაშაულებდა და მას დედას აგინებდა. თანაპარტიელის ეს ქმედება არჩილ თალაკვაძემ გურია TV-ის ეთერში გაამართლა.