ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2018 წელს წითელას გამო 140 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 10 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა. გარდაცვლილების უმრავლესობა ხუთ წლამდე ბავშვები არიან, რომელთაც ვაქცინა გაკეთებული არ ჰქონდა.

"ის ფაქტი, რომ ნებისმიერი ბავშვი ისეთი დაავადებისგან კვდება, მაგალითად წითელა, რომლის აღკვეთაც ვაქცინაციით შეიძლება, არის კოლექტიური უუნარობა დავიცვათ ბავშვები", — განაცხადა ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს გიბრეისუსმა.

2018 წელს წითელათი დაავადებების ნახევარი უკრაინაზე, ლიბერიაზე, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე, მადაგასკარსა და სომალიზე მოდის.

ჯანმოს წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის ნოემბერში წითელათი დაავადებულთა რიცხვი 2019 წლის ანალოგიურ პერიოდს სამჯერ აღემატება. აშშ-ში კი ბოლო 25 წლის განმავლობაში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

ვაქცინაციის ისტორია საქართველოში

ვაქცინაციით, 2000-2016 წლებში წითელათი გარდაცვალების შემთხვევები 84 პროცენტით შემცირდა და 20 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ტუბერკულოზის, პოლიომიელიტის, დიფთერიის, ტეტანუსის, ყივანახველას და წითელას საწინააღმდეგო ვაქცინაციით მსოფლიოში ყოველწლიურად 2,5 მილიონამდე ბავშვის, ხოლო B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინაციით 600 000 ადამიანის სიცოცხლეა გადარჩენილი.

2013-2014 წლებში საქართველოში წითელას ეპიდაფეთქება იყო. სულ 11 000 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 3 გარდაიცვალა. ძირითადად ავადდებოდნენ ერთ წლამდე და 15-დან 30 წლამდე მოსახლეობა.

2008 წელს 6-დან 27 წლამდე ასაკის მოსახლეობის მასობრივი აცრების კამპანია განხორციელდა. წინასწარ დაგეგმილი 980 136 ადამიანის ნაცვლად აიცრა მხოლოდ 492 642 (50,3%), რამაც 2013-2014 წლების ეპიდაფეთქება განაპირობა.

2017 წელს წითელას 94 შემთხვევა დაფიქსირდა. შემთხვევების 13 პროცენტი 1 წლამდე ასაკის ბავშვებში იყო, ხოლო 33 პროცენტი — 14 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობაში. 2018 წლის მაისის ბოლოსთვის წითელას შემთხვევების რაოდენობამ 864-ს მიაღწია. გარდაიცვალა ორი ადამიანი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, იმუნიზაციით შესაძლებელია ყოველწლიურად 2-დან 3 მილიონამდე დიფტერიით, ტეტანუსით, წითელათი და სხვა დაავადებებით გამოწვეული სიკვდილიანობა ავიცილოთ თავიდან, ხოლო იმუნიზაციის გლობალური მოცვის შემთხვევაში დამატებით 1,5 მილიონი ადამიანი გადარჩება.

აცრების ეროვნული კალენდარი შეგიძლიათ ნახოთ აქ.