საქართველოში აშშ-ს საელჩო და USAID ტვიტერზე IRI-ს (საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის) და NDI-ს (ეროვნულ-დემოკრატიულ ინსტიტუტის) მნიშვნელობაზე წერენ. როგორც ორივე ორგანიზაცია წერს, IRI და NDI სხვა ორგანიზაციებთან ერთად საქართველოში დემოკრატიის გაძლიერებას უწყობს ხელს.

"ამაყი ვართ ჩვენი პარტნიორების, NDI-ს, IRI-სა და სხვა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობით, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებისკენაა მიმართული!" — წერს აშშ-ს საელჩო.

გარდა ამისა, USAID აღნიშნავს, რომ მათი პარტნიორები ქვეყანაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ.

27 ნოემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ინტერვიუს დროს ამერიკის ხელისუფლების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები გააკრიტიკა. ის მათ მიერ ჩატარებული პოლიტიკური კვლევებით კვლავ უკმაყოფილო იყო.

მან თქვა, რომ მათ შესახებ კონგრესის, სენატისა და აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმირებისთვის ღია წერილის გამოქვეყნებასაც კი გეგმავს.

ივანიშვილის ნათქვამის მიხედვით, ამერიკელი ხალხისგან დაფინანსებული ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, ქართული ოცნების კრიტიკით, აშშ-ს ინტერესებს აზიანებენ.

"იმდენად არასანდოა ეს კვლევები, რომ შეიძლება ამაზეც მიდის მუშაობა, რომ აი, ამერიკული ორგანიზაციები ამას შეგნებულად ამახინჯებენ, რომ აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ ნაციონალურ მოძრაობას", — თქვა NDI-სა და IRI-ის კვლევებზე ბიძინა ივანიშვილმა.

მისი თქმით, ამ მიზეზით, ჩვენი პარტნიორი ქვეყნის დაფუძნებული ორგანიზაციები საქართველოში "დევალვაციას განიცდიან". გარდა ამისა, მან იმედზე სტუმრობის დროსაც სცადა ქართული არასამთავრობო დისკრედიტაცია.

"ნაცებმა, თავის დროზე, მოარგეს იმ სქემას, რასაც ამერიკელები ითხოვდნენ და მოდის დაფინანსება. არადა იქ ჰყავს ჩანერგილი თავისი ადამიანები", — თქვა ივანიშვილმა და დასძინა, რომ საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციები ეზიზღებათ.