რუსეთში გამგზავრებული ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მოსკოვში შეხვედრებისას ვაჟა გაფრინდაშვილის საქმის გამო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დაინახა. ამის შესახებ მან პირველ არხს სატელეფონო საუბრის დროს განუცხადა.

როგორც ბურჯანაძე ამბობს, მან რუსეთის ხელისუფლებას სთხოვა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების პროცესში ჩაერთონ.

"მინდა, დიდი სიამოვნებით გითხრათ, რომ ვარ ძალიან იმედიანად ამ შეხვედრების შემდეგ, რადგან ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არა მარტო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დავინახე ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უფრო, როდესაც საქმე ექიმს ეხება, არამედ პოლიტიკურადაც ძალიან ნათლად ესმის რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათი მხრიდან ამ პროცესისთვის და დაჩქარებისთვის ხელის შეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი", — აღნიშნავს ბურჯანაძე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში ნინო ბურჯანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოს შეხვდა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბურჯანაძემ და რუდენკომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მდგომარეობასა და პერსპექტივაზე ისაუბრეს. უწყების პრესრელიზში ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბარი არაა.

"რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების ინტერესი, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო კავშირების აღდგენის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა უფრო საპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინოს რუსეთთან ურთიერთობების დამყარებისთვის", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს, როგორც შიდა საქმეებს და არ სურს, სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერთოს.

"ჩვენ მხოლოდ საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის მშვიდობასა და სტაბილურობაში ვართ დაინტერესებული".

3 დეკემბერს პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაფრინდა. პოლიტიკოსი შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს, თუმცა პრესსამსახურის თქმით, უცნობია უშუალოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება თუ არა.

რუსეთში მისი ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ოპოზიციური გაერთიანება დატოვა თაკო ჩარკვიანმა და მისმა პარტიამ. ამასთანავე, პოლიტიკოსის ვიზიტი დაგმო მოძრაობამ სირცხვილია.

უკვე 27 დღეა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღიარა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაიგეთ მეტი: