პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის შეფასებით, ქართული ოცნების დეპუტატის დიტო სამხარაძის ოპოზიიციის მისამართით გინება "პოლიტიკა არის". გურია TV-ის ეთერში კოლეგის გაკრიტიკების ნაცვლად თალაკვაძემ მის დადებით მხარეებზე ისაუბრა.

მისი თქმით, დიტო სამხარაძეს წინა ხელისუფლების დროს დევნიდნენ და ოპოზიციის წევრებს არ უნდა გაუკვირდეთ სამხარაძის "მკაცრი" რეაქცია.

" დიტო სამხარაძე არი ჩვენი მეგობარი, ჩვენი პოლიტიკური გუნდის წევრი... ეს არის პოლიტიკა. გამოხატვის ფორმებს ყველა თვითონ ირჩევს. თუ ვინმე დაარღვევს კანონს, ამაზე იქნება რეაგირება. თუ თვლის ოპოზიცია, რომ კანონს არღვევს ვინმე, მიმართოს შესაბამის ინსტიტუტებს", — განაცხადა თალაკვაძემ.

ქართული ოცნების დეპუტატმა, დიმიტრი სამხარაძემ 2 დეკემბერს პარტიის ოფისთან მიმდინარე დაპირისპირების დროს ფესიბუქგვერდზე შეურაცხმყოფელი და უცენზურო პოსტი გამოაქვეყნა. ის მიმდინარე მოვლენებში მიხეილ საკაშვილს ადანაშაულებდა და მას დედას აგინებდა.