პარლამენტში უმრავლესობის მაჟორიტარი დეპუტატი, სიმონ ნოზაძე აცხადებს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემის გასაპროტესტებლად აქციას შეუერთდებოდა იმ შემთხვევაში, თუ ის მშვიდობიანი იქნებოდა.

"მაგრამ თავიდანვე კანონდარღვევით დაიწყეს, ამიტომ ჩემი ადგილი, იქ სადაც კანონდარღვევაა, არ იქნებოდა", — განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

დღეს, 6 დეკემბერს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა უნდა გაიმართოს. როგორც ნოზაძე ამბობს, მისთვის სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლა მიუღებელია.

"ჩემი თვალსაზრისით, უმთავრესი ნაკლი ამ სისტემის ის იქნება, რომ არ მოხდება ახალგაზრდა პოლიტიკოსთა აღზრდა. იმიტომ, რომ ადგილებზე, როგორც წესი მაჟორიტარებად ირჩევენ იმათ, ვისაც გარკვეული წარსული აქვთ და პოპულარობით სარგებლობს", — აღნიშნა სხდომაზე მიმავალმა დეპუტატმა.

მისივე თქმით, დიმიტრი ხუნდაძის ინიციატივას სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა საკონსტიტუციო უმრავლესობას ვერ მოიპოვებს.

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, კანონპროექტის მოწინააღმდეგე მმართველი პარტიის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ლიდერებმა ინიციატივა დაიწუნეს, ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი უკვე დაარეგისტრირა.
გარდა ამისა, დეპუტატმა გამოთქვა იდეა, რომ ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნას. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა 2020 წლისთვის არ აქვს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი წლის არჩევნებს გულისხმობდა.