სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღების საქმეზე ქედის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომელი დააკავა.

უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებული ქედის მუნიციპალიტეტში მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროს სპეციალისტად მუშაობდა. მათივე განმარტებით, დაკავებულმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე უნებართვო მშენებლობის სანაცვლოდ ქრთამის სახით ორ ნაწილად 2 000 ლარი აიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობა, რაც თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით ითვალისწინებს.