პარლამენტში უმრავლესობის დეპუტატი, შოთა ხაბარელი ამბობს, რომ დღევანდელ სიტუაციაში დეპუტატებმა ყველა საარჩევნო სისტემა უნდა განიხილონ. ჟურნალისტის კითხვაზე კითხვის ნიშნის ქვეშ ხომ არ დადგა 2024 წლის პროპორციული საარჩევნო სისტემა, დეპუტატი პასუხობს.

"მოდით, ვისაუბროთ დღევანდელ დღეზე, რა იქნება 2024 წელს გვიჩვენებს დრო. შესაბამისად, უნდა შევეხოთ ყველა საკითხს, რომლეიც იქნება ჩვენი ქვეყნისთვის მომგებიან".

დღეს, 6 დეკემბერს ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს. შოთა ხაბარელის თქმით, ისინი საარჩევნო სისტემებთან დაკავშირებულ წინადადებებს განიხილავენ.

"[მაჟორიტარული სისტემა] ეს არის საინტერესო წინადადება და საინტერესო წინადადებას, მე მგონი, ბევრი მხარდაჭერა ექნება. მყარი არგუმენტები მჭირდება, რომ მხარი დავუჭირო".

პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩაგდების შემდეგ, კანონპროექტის მოწინააღმდეგე მმართველი პარტიის დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ სრულად მაჟორიტარულ სისტემაზე გადასვლის ინიციატივა გამოთქვა. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობის ლიდერებმა ინიციატივა დაიწუნეს, ხუნდაძემ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფი უკვე დაარეგისტრირა.
გარდა ამისა, დეპუტატმა გამოთქვა იდეა, რომ ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნას. ხუნდაძემ აღნიშნა, რომ ეს ინიციატივა 2020 წლისთვის არ აქვს, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რომელი წლის არჩევნებს გულისხმობდა.