რუსეთში ვიზიტით წასული ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მოსკოვში გამართულ ყველა შეხვედრაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი დააყენა. მისივე მტკიცებით, რუსეთის მხრიდან მან დაინახა მზაობა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის სწრაფად გათავისუფლებას ხელი შეეწყოს.

"ნამდვილად მაქვს სრული საფუძველი ვთქვა, რომ მალე ბატონი ვაჟა სახლში იქნება. ბუნებრივია, არც საათს და დღეს მე არ ვასახელებ", — ამის შესახებ ბურჯანაძემ რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოსკოვში გნინო ბურჯანაძე საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მოადგილეს, ანდრეი რუდენკოს შეხვდა.

როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, ბურჯანაძემ და რუდენკომ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის მდგომარეობასა და პერსპექტივაზე ისაუბრეს. უწყების პრესრელიზში ვაჟა გაფრინდაშვილზე საუბარი არაა.

"რუსულმა მხარემ დაადასტურა საქართველოსთან ურთიერთობის ნორმალიზების ინტერესი, მათ შორის, ორ ქვეყანას შორის საჰაერო კავშირების აღდგენის შესაძლებლობა. მნიშვნელოვანია, რომ თბილისმა უფრო საპასუხისმგებლო მიდგომა გამოავლინოს რუსეთთან ურთიერთობების დამყარებისთვის", — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

გარდა ამისა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს განიხილავს, როგორც შიდა საქმეებს და არ სურს, სხვა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაერთოს.

"ჩვენ მხოლოდ საქართველოსა და მთლიანად ამიერკავკასიის მშვიდობასა და სტაბილურობაში ვართ დაინტერესებული".

3 დეკემბერს პარტია დემოკრატიული მოძრაობა — ერთიანი საქართველოს ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში გაფრინდა. პოლიტიკოსი შეხვედრას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართავს, თუმცა პრესამსახურის თქმით, უცნობია უშუალოდ ვლადიმერ პუტინს შეხვდება თუ არა.

რუსეთში მისი ვიზიტის გამო პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ოპოზიციური გაერთიანება დატოვა თაკო ჩარკვიანმა და მისმა პარტიამ. ამასთანავე, პოლიტიკოსის ვიზიტი დაგმო მოძრაობამ სირცხვილია.

უკვე 27 დღეა, რაც ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში უკანონო პატიმრობაში იმყოფება. 9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღიარა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გაიგეთ მეტი: