ჭყონდიდის მიტროპოლიტი პეტრე ცაავა საკუთარი ონლაინგამოცემის დაფუძნებას აპირებს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია ფორმულასთან ისაუბრა.

"ზოგადად ვაპირებთ, რომ წყარო შევქმნათ საინფორმაციო. საზოგადოებას დავეხმაროთ, მივაწოდოთ სიმართლე და გადავფაროთ ნიაღვარი სიცრუის, რომელიც მოდის საპატრიარქოდან. ვამხილოთ ცრუ ქრისტიანობა და ვიქადაგოთ ქრისტიანობა", — ამბობს ცაავა ფორმულასთან სატელეფონო საუბრის დროს.

რაც შეეხება ონლაინგამოცემის მუშაობის დაწყებას, მეუფე თარიღს არ ასახელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, ჭყონდიდის მიტროპოლიტის ახალ პლატფორმაზე ვიდეოები განთავსდება და ამაში მას ეპარქიიდან წამოსული სასულიერო პირები დაეხმარებიან, მათ შორის იღუმენი თამარ გამყრელიძე.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართული სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ ეკლესიაში მამათმავლობის ცოდვის მხილების გამო ილია მეორემ მღვდელმთავრობიდან გადააყენა. მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ თავად პატრიარქია "პიდარასტიისა და მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი".

სინოდის სხდომის განჩინებით, პეტრე ცაავას აეკრძალა მღვდელმოქმედება, გათავისუფლდა სინოდის წევრობიდან და ჭყონდიდის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და "მოსანანიებლად" მონასტერში იქნა გამწესებული. მეუფე პეტრემ შეიომღვიმეში წასვლაზე უარი განაცხადა.

ჭყონდიდის ეპარქია წალკელმა ეპისკოპოსმა, მეუფე გრიგოლმა გადაიბარა. ბერებისა და დედაოების ნაწილი ახალ მეუფეს განუდგა და მის წირვაზე დასწრებას აღარ აპირებს.

მასალაში გამოყენებული მეუფე პეტრეს შეფასება გამოხატულია ჰომოფობიური სიტყვებით, თუმცა მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე On.ge მის სიტყვებს უცვლელად გთავაზობთ.

გაიგეთ მეტი: