საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს არჩეული თავჯდომარე, ზაზა თავაძე ამბობს, რომ მოადგილეობის კანდიდატებს პლენუმს 10 დღის ვადაში წარუდგენს. ამასთან, ის განმარტავს, რომ პრიორიტეტები იქნება საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე არსებული ყველა გამოწვევის მიმართ ადეკვატური რეაგირება:

"ვგულისხმობ არსებული საქმეების რაოდენობას, რომელსაც სჭირდება სწრაფად მიხედვა რათა ქვეყანაში უზრუნველყოფილი იყოს ადამიანის უფლებების დაცვა და ხელისუფლების შტოებს შორის ბალანსის დაცვა".

ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, იქნება თუ არა ის დამოუკიდებელი, რაზეც მისი ოპონენტები ეჭვს გამოთქვამდნენ:

"ამაზე მაქვს ძალიან მარტივი პასუხი: საქმემან შენმან გამოგაჩინოს შენ. ლაკმუსის ქაღალდი იმისა, სასამართლო არის თუ არა დამოუკიდებული, ამაზე იმეტყველებს თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება".

ჟურნალისტებმა თავაძეს კაბელებისა და რუსთავი 2-ის საქმეებიც შეახსენეს, რაზეც თავაძემ მიუგო, რომ სასამართლოსთვის ყველა საქმე ერთნაირია:

"ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ჩვენთვის ყველა ადამიანისა ერთი და იგივეა. შესაბამისად, ჩვენ კანონით გათვალისწინებული ვადებით ვიმოქმედებთ. ნება მომეცით, დღეს მათზე არ ვისაუბრო".

დღეს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე მოსამართლე ზაზა თავაძე გახდა. მას პლენუმის ხუთმა მოსამართლემ დაუჭირა მხარი.