ბათუმში, ქართული ოცნების მაჟორიტარ დეპუტატ, მუხრან ვახტანგაძის ბიუროსთან აქცია გაიმართა. აქტივისტები მერიის შენობაში შესვლას და დეპუტატთან შეხვედრას ითხოვდნენ.

აქტივისტების თქმით, მუხრან ვახტანგაძეს სურთ ჰკითხონ, რა განსხვავებაა მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემას შორის. აქციის მონაწილეები შენობაში დაცვის პოლიციამ არ შეუშვა. მათ მერიას გააკრეს სტიკერები წარწერით "მონა!".

"ეს შენობა დღეიდან აღარ არის მერიის შენობა, ეს შენობა აღარ ეკუთვნის ხალხს, ეს არის მონების შენობა, რომლებიც პირდაპირ ატარებენ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს", — თქვა მედიასთან საუბრისას აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ აქტივისტები მუხრან ვახტანგაძის ბიუროს "დააბოქლომებდნენ" დეპუტატი იქ მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც, თუმცა აქტივისტები იქ არ გამოჩენილან.

გუშინ, 4 დეკემბერს აქცია გაიმართა შუახევის მერიასთანაც, სადაც მერის მოადგილე, რუსუდან შავაძე ორგანიზაცია ალტერნატივის ერთ-ერთ წევრს თმაში ხელი ჩაავლო. დაპირისპირება იყო ხულოშიც, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერები აქციის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ.

დაპირისპირება მოხდა 3 დეკემბერს ზუგდიდში, სადაც ქართული ოცნების მხარდამჭერებმა ნაციონალური მოძრაობის ოფისს კვერცხები ესროლეს. ზუგდიდის მსგავსად, დაპირისპირება იყო ქობულეთის საკრებულოსა და მცხეთის მერიასთან, ოპოზიციის აქციის პარალელურად ქართული ოცნების მხარდამჭერების კონტრაქციაც იმართებოდა. აქციაზე ქართული ოცნების მხარდამჭერები განსაკუთრებული აგრესიულობით გამოირჩეოდნენ ოპოზიციის ლიდერების მიმართ. ნაციონალური მოძრაობის წევრს ზაალ უდუმაშვილს ცოცხი ესროლეს, ხოლო ევროპული საქართველოს ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას წყალი შეასხეს.

2 დეკემბრის კი ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა მმართველი პარტიის ოფისთან კონტრაქცია გამართეს. ისინი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს. აქტივისიტები ამბობენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ აქტივისტს თვალში მოხვდა. მათივე თქმით, დაშავდა 5 ადამიანი.