ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის დრამა And Then We Danced იმ გამორჩეულ ფილმებს შორის მოხვდა, რომელსაც 2020 წელს სანდენსის კინოფესტივალზე აჩვენებენ.

სანდენსის ფესტივალზე სულ 15 100 განაცხადი იყო შესული, მათ შორის 3 853 სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი იყო, მათგან კი მხოლოდ 118 ფილმი შეირჩა, რომელთა შორისაც მოხვდა სწორედ ლევან აკინის გახმაურებული დრამაც.

And Then We Danced-ს იმ სექციის ფარგლებში აჩვენებენ, რომელმაც ფესტივალის ორგანიზატორების განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია. იგივე პროგრამის ფარგლებში ამ ფესტივალზე სხვადასხვა წელს უჩვენებიათ ასევე იორგოს ლანთიმოსის ლობსტერი და პაველ პავლიკოვსკი იდა.

სანდენსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი, ცნობილი და გავლენიანი კინოფესტივალია, რომელიც საავტორო კინოს განვითარებას უწყობს ხელს. მომავალი ფესტივალი 2020 წლის 23 იანვრიდან 2 თებერვლის ჩათვლით გაიმართება.