Google-ის დამფუძნებლები ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი დედობილი კომპანიის Alphabet-ის ხელმძღვანელობის პოსტებს ტოვებენ. ისინი აღმასრულებელი დირექტორისა და პრეზიდენტის თამამდებობებს, Google-ის გენერალურ დირექტორს სუნდარ პიჩაის გადააბარებენ, თუმცა დირექტორთა საბჭოს წევრებად დარჩებიან.

ჰოლდინგი Alphabet შეიქმნა 2015 წელს და Google-ს სხვა ორგანიზაციებთან ერთად, ერთი სახელის ქვეშ აერთიანებს. ორგანიზაციების სიაშია X Development, Calico, Nest და ა.შ.

დედობილი კომპანიის დაფუძნების შედეგად, ორგანიზაციის სხვადასხვა საქმიანობა ერთმანეთთან უფრო მეტად დაკავშირდა, დაწყებული ინტერნეტში ძებნიდან დამთავრებული თვითმართვადი ავტომობილებით. პეიჯი და ბრინი Alphabet-ის საშუალებით მართავდნენ ორგანიზაციის ყველა საქმიანობას, რაც ხელს უწყობდა მათ უფრო მეტი აქტივობები დაეგეგმათ.

ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი

ფოტო: Getty/Justin Sullivan

ოფიციალური განცხადების საფუძველზე, 46 წლის თანადამფუძნებლები, კომპანიის ყოველდღიურ მენეჯმენტს ჩამოშორდებიან, თუმცა მონაწილეობას მიიღებენ მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში.

"არ არის აუცილებელი ჩვენ ვმართოთ კომპანია, როცა უკეთესი ვარიანტი არსებობს. Alphabet და Google აღარ საჭიროებს ორ აღმასრულებელ დირექტორსა და პრეზიდენტს", - წერია კომპანიის განცხადებაში, სადაც შემდეგ ფრაზებსაც ნახავთ: "დროა მოვირგოთ ამაყი მშობლების როლი - რჩევებს და სიყვარულს არ დავიშურებთ, თუმცა ყოველდღიურ ბუზღუნს შევეშვებით". "პიჩაი ჩვენს მოვალეობას საუკეთესოდ შეასრულებს", და ა.შ.

47 წლის პიჩაი დაიბადა ინდოეთში, სადაც ინჟინერიის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ სწავლა სტენფორდის და პენსილვანიის უნივერსიტეტებში განაგრძო. 2004 წელს Google-ის გუნდს შეუერთდა.

სუნდარ პიჩაი

ფოტო: Google

"დამფუძნებლებმა უდიდესი შესაძლებლობა მოგვცეს თითოეულ ჩვენგანს, რომ მსოფლიოზე გავლენა მოვახდინოთ. მათი წყალობით ჩვენ გვაქვს უდიდესი მიზანი, მყარი ღირებულებები, ერთად მუშაობის კულტურა და სიახლეების აღმოჩენის უნარი, რაც სამსახურში სიარულს ამაღელვებელს და საინტერესოს ხდის", — ამბობს პიჩაი.

პიჩაის თქმით ის დაუღალავად იშრომებს ორგანიზაციის განვითარებისთვის და მოუთმენლად ელის მოვლენები სამომავლოდ როგორ განვითარდება.

დამფუძნებლების გადაწყვეტილება, შესაძლოა, თანამშრომლებთან დაძაბულობას უკავშირდებოდეს. გუგლის თანამშრომლები აპროტესტებენ დირექტორთა საბჭოს გადაწყვეტილებებს, მათ შორის კონტრაქტს პენტაგონთან ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით და Google-ის საქმიანობას ჩინეთში. ასევე, 2018 წლის ნოემბერში კომპანიის 20 000-მა თანამშრომელმა გააპროტესტა როგორ უმკლავდებოდნენ Google-ის დამფუძნებლები სექსუალური ძალადობის ბრალდებებს.