მოძრაობა 20/30-იანელების წარმომადგენლებმა, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის მთაწმინდაზე დაკრძალვას ითხოვენ, დიმიტრი ხუნდაძის საწინააღმდეგო აქცია-პერფომანსი გამართეს. მცხეთაში ხუნდაძის ოფისთან შეკრებილები ამბობენ, რომ სამშობლო ხუნდაძეს ამ "უდიდესი ქველმოქმედის და საზოგადო მოღვაწის", ბიძინა ივანიშვილის "გადაგდებას" არ აპატიებს.

"ხუნდაძემ იუდასავით გაყიდა ივანიშვილი და ამ დიდებულ ადამიანს, ისტორიული გადაწყვეტილების მიღებაში ხელი შეუშალა", — აცხადებენ ისინი.

ფოტო: მოძრაობა 20/30-იანელები

ფოტო: მოძრაობა 20/30-იანელები

მოძრაობის წევრები ასახელებენ მიზეზებს, რომლის გამოც ივანიშვილი მთაწმინდაზე ვაჟა ფშაველას გვერდით დაკრძალვას იმსახურებს, 100 წლის შემდეგ.

"ააშენა ბოტანიკური ბაღი, რომელშიც 22 მილიონი ლარი ჩადო... გააშენა 1500 ევკალიპტის ხე-პარკი, რომელსაც 25 ათასი ლარი დაახარჯა. ხეები რომ ზღვაში დაცურავდნენ და გზები საათობით იკეტებოდა, სადენებს რომ ჭრიდნენ, ხეების გადასატანი მანქანები ვერ ეტეოდნენ და უშუქოდ რჩებოდა მოსახლეობა, ესეც ქველმოქმედების ნაწილი იყო", — აცხადებენ ისინი.

დიმიტრი ხუნდაძე ერთ-ერთია იმ დეპუტატებს შორის, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემას არ დაუჭირეს მხარი და კანონპროექტი ჩააგდეს, რასაც საქართველოს მასშტაბით საპროტესტო აქციები მოყვა.

ბოლო დღეების მოვლენები

პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ სრულად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

აქციებმა მაჟორიტარი დეპუტატებისა და ოცნების ოფისთან გადაინაცვლა, სადაც აქტივისტებს მმართველი გუნდის მხარდამჭერები ხვდებოდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ. გარდა ამისა, განახლდა საპროტესტო მოძრაობა "არა ნაცებს" და გაიმართა აქციები სახელად "დემიშიზაცია", რომელთა წევრები ნაციონალური მოძრაობის ოფისებს კვერცხებს და ცოცხებს ესროდნენ.