ჯანდარის ტბაზე დაკარგულ ორ მოქალაქეს მესამე დღეა ეძებენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, მონიტორინგი მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა როგორც წყალზე, ასევე, ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ჯანდარის ტბაზე ორი კაცი 2 დეკემბერს დაიკარგა. სავარაუდოდ, ისინი ტბაში ნავით სათევზაოდ შევიდნენ და ძლიერი ქარის გამო უკან დაბრუნება ვერ შეძლეს.

სამსახურის ხელმძღვანელის გადაწყვეტილებით, ცოცხალი ძალის რაოდენობა 55 მაშველამდე გაიზარდა. ჯანდარაში დამატებით უკვე ჩავიდა წყალზე სამაშველო ტექნიკა თბილისიდან და ფოთიდან. ადგილზე მობილიზებულია მყვინთავთა ჯგუფი. პროცესში ჩართულია სითბური დრონი. ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილია საგანგებო შტაბი.

უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის შემოწმებულია ტბის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე ნაწილის დაახლოებით 80 პროცენტი. მათივე თქმით, პროცესში ჩართულია აზერბაიჯანის სამაშველო სამსახური. იგეგმება ქართველი მაშველების აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადასვლა და ადგილობრივ სამაშველო ჯგუფებთან ერთად ოპერაციის გაგრძელება.