აჭარის ტელევიზიის მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა ბაკურიძე ამბობს, რომ მაუწყებლის ახალი დირექტორი გიორგი კოხრეიძე ცენზურის დაწესებას ცდილობს. მისი თქმით, კოხრეიძე ეუბნება, რომ ის, მისი მოადგილე ნათია ზოიძე და პროდიუსერი მაია მერკვილაძე გავლენების ქვეშ არიან და არაობიექტურად მუშაობენ.

ჟურნალისტის თქმით, აქვს შეგრძნება, რომ "თავისუფლებას კარგავს" და მაუწყებელში მუშაობის სამი წლის განმავლობაში პირველად გრძნობს, რომ დაიღალა, "ჩაქრა".

"რა მიჭირს? — ის რასაც ამდენი თვეა, საკუთარი სინდისით, ჟურნალისტური სტანდარტით, თავისუფლად, დამოუკიდებლად ვაკეთებდი, ახალმა დირექტორმა "ორი წინადადებით შეაფასა"... ირწმუნება, რომ მე "გავლენების ქვეშ ვარ", "მე მხარე ვარ"... მე არასწორი ვარ... თავად კი მართალია... მერე რა, თუ მიყვიროდა, მერე რა, თუ ის ისე ხედავს ინტერვიუს, ჟურნალისტიკას, კითხვების დასმას... მერე რაა, თუ ამას უპროტესტებენ... მაინც თავებს ითვლის... მერე რაა, თუ ის რასაც ამბობს, ჩემთვის ცენზურის დაწესების მცდელობაა", — წერს ის ფეისბუქგვერდზე.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების დროსაც "ამტვრევდნენ ხელებს" და ოპოზიციის გავლენაში ადანაშაულებდნენ, ახლა კი მაშინდელი ოპოზიციაა ხელისუფლებაში და იგივეს უმეორებენ.

"ვინც ღირებულებებზე ვთანხმდებით, ხომ ვფიქრობდით, რომ ბევრ სირთულეს გავუმკლავდით. ბევრი "რთული ეთერი" დავძლიეთ, რომ ჩვენი ახალი ამბები იყო ისეთი, როგორიც უნდა იყოს. მაშინ რატომ დავიღალე? რატომ "ჩავქრი?" რატომ აღარ მინდა სტუდიაში შესვლა? პასუხი მარტივია — ცენზურის სუნი მცემს", — წერს ბაკურიძე.

ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემდეგ აჭარის ტელევიზიამ დირექტორის არჩევა რვა თვის განმავლობაში ვერ შეძლო. 22 ნოემბერს კი ქართული ოცნების უმრავლესობით დაკომპლექტებულმა ახალმა მრჩეველთა საბჭომ მეოთხე მცდელობაზე დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩია. ახალი დირექტორის დანიშვნაში ჟურნალისტების ნაწილი თავიდანვე სარედაქციო დამოუკიდებლობის საფრთხეს ხედავდა.

გიორგი კოხრეიძემ დანიშვნის დღესვე არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობისას განაცხდა, რომ ჟურნალისტებს კრიტიკულ ტონს უწუნებდა. ამავე ეთერში მან უყვირა თეონა ბაკურიძეს, რაც იმით განმარტა, რომ ჟურნალისტი მის კითხვებს არ პასუხობდა. საუბრის გაგრძელების შემდეგ კი მან აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე გაამართლა, რომელმაც ბაკურიძეს ეთერში "დაოკებისკენ" მოუწოდა. კოხრეიძის თქმით, ამ რეპლიკამდე რიჟვაძე წამყვანმა მიიყვანა.

კოხრეიძის არჩევის შემდეგ აჭარის ტელევიზია დატოვეს მაუწყებლის კონსულტატმა ზვიად ქორიძემ და მედიამენეჯერმა, მარინა ვაშაყმაძემ. წინა დირექტორის მოადგილე, დირექტორის მოვალეობის ყოფილი შემსრულებელი და ამჟამადაც დირექტორის მოადგილე ნათია ზოიძე კი აცხადებს, რომ კოხრეიძე სარედაქციო პოლიტიკისგან ჩამოშორებისკენ მოუწოდებს ან სისხლის სამართლებრივი დევნით ემუქრება.