ქართული ოცნების ოფისთან მიმდინარე აქციაზე, რომელიც ფიზიკური დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა, იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის შვილი. ის ამტკიცებს, რომ მის აქციაზე ყოფნასთან მამა არაფერ შუაშია, თუმცა მამის მსგავსად აქციის მონაწილეებს ტერორისტებს უწოდებს.

"მე ვარ მოქალაქე, რომელსაც გული შემტკივა ჩემი ქვეყნის ბედზე და არ მინდა, რომ ეს ტერორისტები მოვიდნენ სათავეში", — განაცხადა მან ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებს არ აქვთ მორალური უფლება, რომ რამე გააპროტესტონ და აგრესიის პროვოცირებაც თავად მოახდინეს.

"თავისი შეძახილებით მოახდინეს პროვოცირება. ბატონ ბიძინას აგინეს და ა.შ. მაგას არ მოვითმენთ", — განუცხადა მან IPN-ს.

ტელეკომპანია პირველის კითხვის პასუხად, არის თუ არა ინფორმირებული მამამისი იმის შესახებ, რომ აქციაზე იმყოფება, ის პასუხობს:

"მამაჩემი რა შუაშია? პროსტა, რაღაც ისეთ რაღაცას მეკითხებით, რომ მეცინება უკვე. რას ცვლის ეს? ექვსის მერე სახლში უნდა წავიდე რომ დაბნელდება, თუ რას მეკითხებით?"

სახელმწიფო უსაფრთხოების სამახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ პარლამენტთან პიკეტის დაშლას "ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა" უწოდა და სპეცრაზმს მადლობა გადაუხადა.

დღეს, 2 დეკემბერს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტი დატოვეს და გადმოინაცვლეს ოფისთან, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს.

აქტივისტები ამბობდნენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ მათგანს თვალში მოხვდა. ისინი მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ დაეკავებინათ აგრესიული პირები, თუმცა უშედეგოდ.

აქტივისტები გინების და ლანძღვის პასუხად, ქართულ სიმღერებს მღეროდნენ.

აქცია რამდენს ბედავთ ოცნების ოფისთან მცხეთაში მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად დაიგეგმა, სადაც მოძრაობა გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები და მხარდამჭერები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ წაქცეულ აქტივისტს სახეში ურტყამენ ფეხს. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.

განახლება: მასალის თავდაპირველ სათაურში ეწერა, რომ აღნიშნული პირი სუს-ის ყოფილი უფროსის შვილია, რაც არაზუსტია. ის სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილის შვილია, ამიტომ სათაური შეიცვალა.