მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნების ოფისთან სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებულ აქციას პარტიის მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ, არავინ დაუკავებიათ. ამის შესახებ საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილემ, კახა ბუხრაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. აქცია უკვე დასრულდა.

დღეს, 2 დეკემბერს ქართული ოცნების ახალგაზრდული ფრთის წევრებმა და პარტიის სხვა მხარდამჭერებმა ორბელიანის მოედანზე მიმდინარე კონცერტი დატოვეს და გადმოინაცვლეს ოფისთან, სადაც სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოძრაობა #სირცხვილიას, გაბედეს და შეცვალეს აქტივისტებს.

აქტივისტები ამბობდნენ, რომ აგრესიული პირები მათ ესროდნენ შუშხუნებს, რომელიც ერთ-ერთ მათგანს თვალში მოხვდა. ისინი მოუწოდებდნენ პოლიციას, რომ დაეკავებინათ აგრესიული პირები, თუმცა უშედეგოდ.

აქცია რამდენს ბედავთ ოცნების ოფისთან მცხეთაში მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად დაიგეგმა, სადაც მოძრაობა გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები და მხარდამჭერები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ წაქცეულ აქტივისტს სახეში ურტყამენ ფეხს. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.