ქართული ოცნების ოფისთან შეკრებილ მოძრაობა #სირცხვილიას, #გაბედეს და #შეცვალეს აქტივისტებს მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრები და მათი მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. როგორც On.ge-ს ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, აგრესიული პირები ხალხში შევარდნას ცდილობენ იძახიან უცენზურო სიტყვებს და მათ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ. ისინი აგრესიულად არიან განწყობილი ჟურნალისტების მიმართაც.

პოლიციას აგრესიული პირები ადგილიდან გაჰყავს, თუმცა ჯერ არავინ დაუკავებია. აქტივისტები მოუწოდებენ პოლიციას, რომ დააკავონ ეს პირები.

ოცნების ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთი წევრი ჟურნალისტებთან აცხადებდა, რომ ისინი ძალადობის წინააღმდეგი არიან, თუმცა რამდენიმე წუთში მათმა მხარდამჭერებმა გინება და ჩხუბი დაიწყეს. ეს მან "ბუნებრივი აგრესიით" განმარტა, რომელიც მისი თქმით, ახალგაზრდებს ნაციონალური მოძრაობის ძალადობრივი რეჟიმის მიმართ აქვთ.

ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც აქტივისტებს უპირისპირდებიან

ქართული ოცნების მხარდამჭერები, რომლებიც აქტივისტებს უპირისპირდებიან

ფოტო: სალომე ჩიკვილაძე / On.ge

გარდა ამისა, ისინი ამბობდნენ, რომ ორბელიანის მოედანზე აპირებდნენ გადასვლას, სადაც პარტიის ახალგაზრდული ფრთა ღონისძიებას მართავს, თუმცა ამ დრომდე ოცნების ოფისის წინ რჩებიან. დაპირისპირება გრძელდება.

აქცია რამდენს ბედავთ ოცნების ოფისთან მცხეთაში მომხდარი მოვლენების გასაპროტესტებლად დაიგეგმა, სადაც მოძრაობა გაბედეს აქტივისტებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ოცნების წევრები და მხარდამჭერები. გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ერთ-ერთ წაქცეულ აქტივისტს სახეში ურტყამენ ფეხს. ორი დაზარალებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.

მცხეთის მერიასთან მისულ გაბედეს აქტივისტებს დიმიტრი ხუნდაძის ბიუროში შესვლა სურდათ, რის შემდეგაც მათ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტები ამბობდნენ, რომ ოცნების მხარდამჭერები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის მერიასთან მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებულია 7 ადამიანი. მათ შორის 3 ქართული ოცნების, ხოლო 4 მოძრაობა გაბედეს აქტივისტია. გამოძიება საქართველოს ადმინისტაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებთან მისვლას დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.