დინამო თბილისის ფანკლუბმა, ელიტამ ოკუპირებული რეჟიმის მიერ უკანონოდ დატყვევებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადა. გუშინ, 1 დეკემბერს გამართულ საჩემპიონატო მატჩზე მათ გაშალეს ბანერი წარწერით: თუ საკუთარ მიწაზე სიარული საზღვრის დარღვევაა, ყველანი პატიმრები ვართ".

გარდა ამისა, მათ დაპატიმრების სიმულაცია მოაწყვეს — კეფაზე შემოწყობილი ხელებით დადგნენ და ზურგით შებრუნდნენ მოედნისკენ.

ვაჟა გაფრინდაშვილი უკვე 24 დღეა, რაც საოკუპაციო რეჟიმის პატიმრობაშია. 9-11 ნოემბერს ე.წ. საზღვრის კვეთის ბრალდებით საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს, მათ შორის ერთ-ერთი გაფრინდაშვილი იყო. დე ფაქტო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაკავებულთაგან 3 პირს ფულადი ჯარიმა დააკისრეს და ე.წ. რესპუბლიკის ტერიტორია დაატოვებინეს, გაფრინდაშვილი კი დააპატიმრეს, რადგან მან საზღვრის კვეთა არ აღიარა და ამბობდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზეა. საოკუპაციო რეჟიმმა მას ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.