ბრაზილიის პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ ამაზონის ჯუნგლებში ხანძრის გაჩენაში დამნაშავის უჩვეულო კანდიდატურა შეარჩია — არც მეტი, არც ნაკლები, მსახიობი ლეონარდო დიკაპრიო.

ჟაირ ბოლოსნარუმ გასულ კვირას ამაზონის ჯუნგლებში გაჩენილი ხანძრის პრობლემაზე საუბრისას ამ კატასტროფის გამოწვევაში არასამთავრობო ორგანიზაციებს დასდო ბრალი:

"რა გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა? რაც მარტივი იყო — წაუკიდეს ბუჩქებს ცეცხლი".

სწორედ ამ შესავლიდან მალევე ბრაზილიის პრეზიდენტმა ლეონარდო დიკაპრიოს ბრალეულობაც დაინახა:

"გადაიღე ფოტო ან ვიდეო, გაუგზავნე რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციას, ის ბრაზილის საწინააღმდეგო კამპანიას წამოიწყებს, ხოლო ლეონარდო დიკაპრიო ამ ორგანიზაციას 500 000 დოლარს ჩაურიცხავს, რომლის ნახევარსაც სწორედ ის ადამიანები მიიღებენ, ვინც ხანძარი გააჩინა".

ჟაირ ბოლსონარუმ ოსკაროსანი მსახიობის პირდაპირ დადანაშაულებასაც არ მოერიდა:

"ლეონარდო დიკაპრიო, შენ უწყობ ხელს ამაზონის დაწვას. ერთი შეხედვით, კარგი ვინმეა, არა? არადა სწორედ ის სწირავს მილიონობით ფულს, რომ ამაზონში ხანძარი გააჩაღონ".

ლეონარდო დიკაპრიო მართლაც აქტიურად იყო ჩართული ბრაზილიაში ხანძარსაწინააღმდეგო კამპანიაში: მაგალითად, მისმა ორგანიზაციამ ხანძართან საბრძოლველად $5 მილიონი გადარიცხა. როგორც ჩანს, ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტი სწორედ ამან გააღიზიანა.

მსახიობი ბოლსონარუს ბრალდებას ინსტაგრამის პირად ანგარიშზე გამოეხმაურა და თავისი საქველმოქმედო მიზნები დააზუსტა:

"მე მხარს ვუჭერ ბრაზილიელ ხალხს, რომელიც ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის გადასარჩენად იბრძვის. ამ შეუცვლელი ეკოსისტემის (ამაზონის ჯუნგლების) მომავალი საფრთხის ქვეშაა და ვამაყობ, რომ იმ ადამიანების გვერდით ვარ, ვინც მის დაცვას ცდილობს".

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ბრაზილიის პრეზიდენტმა ამაზონის ხანძრის გაჩენაში არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა: ის ჯერ ამბობდა, რომ ხანძრის ჩასაქრობად ქვეყანაში რესურსი არ იყო, შემდეგ დიდი შვიდეულის მიერ გაღებულ $22-მილიონიან დახმარებაზე განაცხადა უარი და არასამთავრობო ორგანიზაციები დაადანაშაულა სიტუაციის გაზვიადებულად წარმოჩენაში.

უფლებადამცველები კი ამაზონის ტყეების ხანძრების მასშტაბურად ზრდაში ბრაზილიის ულტრამემარჯვენე პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონარუს ადანაშაულებენ, რადგან მისი ეკოლოგიურად ხისტი პოლიტიკის გამო ტყეების დანაკარგები გაიზარდა — სოფლის მეურნეობისთვის საჭირო ახალი ნიადაგის ასათვისებლად ადგილობრივმა მოსახლეობამ სწორედ ამაზონის ჯუნგლების გაჩეხვა და დაწვა დაიწყო აქტიურად.