2019 წლის მთავარი მოვლენა ქართულ საბანკო სფეროში Apple Pay-ის ამოქმედება იყო, თუმცა ინოვაციები ამით არ სრულდება. ის, რაც 5 წლის წინ Sci-fi ფილმების სცენარს ჰგავდა, სულ მალე რეალობა გახდება და მნიშვნელოვნად შეცვლის ჩვენს დამოკიდებულებას ფულთან და გადახდებთან.

საქართველოს ბანკმა 2020 წელი ინოვაციების წლად გამოაცხადა და ის ტექნოლოგიური ინოვაციები წარმოგვიდგინა, რომლებიც მალე ხელშესახები გახდება:

1. სამადლობელი

თუ თქვენ იმ ადამიანებს მიეკუთვნებით, რომელთაც ნაღდი ფული არასდროს აქვთ და ამ მიზეზის გამო ხშირად დაგიტოვებიათ ძალიან ყოჩაღი მიმტანი იმედგაცრუებული, გვინდა გაცნობოთ, რომ ცვლილებები გზაშია.

სულ მალე ტერმინალზე ცალკე შეძლებთ იმ თანხის მითითებას, რომელიც პერსონალს გინდათ დაუტოვოთ. ეს ის ტექნოლოგიური სიახლეა, რომელიც ჩვენს სინდისსაც მოუტანს შვებას და ჩვენს იმ მეგობრებსაც, რომელთაც მუდმივად ვთხოვთ, ჩვენ ნაცვლად დატოვონ "თიფი".

2. გატერმინალება

მცირე ბიზნესის მფლობელებს როგორც წესი, უამრავი თავის ტკივილი აქვთ, რომელთაც უმეტესად თავადვე აგვარებენ. 2020 წელს კი მათ ერთით ნაკლები საზრუნავი ექნებათ: ბიზნესის მფლობელები შეძლებენ, რომ ტერმინალები ანდროიდის ტელეფონით ჩაანაცვლონ, ამისათვის საჭიროა Android 5.0 ან უფრო ახალი სისტემის ტელეფონი NFC მხარდაჭერით.

ახალი პროდუქტის მეშვეობით მომხმარებელი გადახდას შეძლებს ყველგან, იქაც კი, სადაც მანამდე მხოლოდ ნაღდი ანგარიშსწორება ხდებოდა. შესაბამისად, მალე, სახლიდან გასვლისას თქვენი ტელეფონის ან ბარათის წაღება სავსებით საკმარისი იქნება და ხურდის მოძიებაზე დროის დახარჯვა აღარ მოგიწევთ.

3. ბარათიდან ფულის გამოტანა ტერმინალით, ბანკომატის გარეშე

ეს იმას ნიშნავს, რომ თუკი მომხმარებელს ხელთ საჭირო თანხა არ აღმოაჩნდება, მას სასურველი ნივთის შეძენასთან ერთად ტერმინალით მერჩანტის დახმარებით თანხის განაღდება შეეძლება. ამისათვის კი მხოლოდ საბანკო ბარათი იქნება საჭირო.

მომსახურების დანერგვა 2020-ში მარკეტებში, აფთიაქებში და სხვა სავაჭრო წერტილებში იგეგმება.

4. ღიმილით გადახდა

არ მოგეჩვენათ, ღიმილით გადახდა რეალურია და მეტიც, უკვე აქტიურია ავლაბრის მეტროში. პირველად მთელ რეგიონში საქართველოს ბანკის მომხმარებლები მეტროთი მგზავრობის საფასურის დაფარვას ე.წ. Face Recognition-ით შეძლებენ. გადახდის ახალი სისტემა ინოვაციური პროდუქტია, რომლის ანალოგიც არათუ რეგიონში, არამედ ევროპის მასშტაბითაც კი არ არის დანერგილი. იმისათვის, რომ მომხმარებელმა დაუბრკოლებლად შეძლოს მგზავრობა, საჭიროა მან გადაიღოს სელფი მობაილბანკში და დაუკავშიროს სასურველ ბარათს.

Face Recognition-ით გადახდა უსაფრთხო, მარტივი და სწრაფია.

5. ღიმილით განაღდება

მალე თქვენი ღიმილით არა მხოლოდ მეტროში გადახდას, არამედ ბანკომატიდან თანხის გამოტანასაც შეძლებთ. ასე რომ, თუ ერთ დღეს ბანკომატთან მომღიმარ ადამიანებს შენიშნავთთ, გეცოდინებათ, რაშიცაა საქმე.

მიუხედავად ასეთი სერიოზული წინსვლისა, მექანიზმი, რომელიც ხელფასის ერთ დღეში დახარჯვისგან დაგვიცავს, ჯერ კიდევ არ გამოუგონიათ.

ვნახოთ, რას მოიტანს შემდეგი წლები...