ქართული ოცნების დეპუტატმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო ქორთიარდ მარიოტში განუცხადა, რომ "ნაციონალური მოძრაობა ბავშვებს იფარებს და პარტიის წევრები მასთან მისვლას ვერ ბედავენ". დღეს, 2 დეკემბერს ირაკლი კობახიძეს რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციაზე მისვლისას აქტივისტები ხმაურითა და შეძახილებით დახვდნენ.

"რამდენიმე ბავშვი იყო შეკრებილი. ვერაფერს ვეტყვით მათ, საყვედურიც არ შემიძლია. საყვედური უნდა ვუთხრათ ნაცმოძრაობას, რომელიც ბავშვებს იფარებს. ისინი არიან კაცები და ქალები და მოვიდნენ და რაც უნდათ თქვან. იმიტომ ვერ მოდიან, რომ იციან რა პასუხსაც მიიღებენ ჩემგან, მძიმე და საკადრის პასუხს. ისიც უნდა იცოდნენ, გოგოს რა უნდა დააჭერინონ და ბიჭს რა უნდა დააჭერინონ ხელში, ტრანსპარანტები მაქვს მხედველობაში", — თქვა ირაკლი კობახიძემ

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე სასტუმროს შენობაში სირცხვილის კორიდორის გავლით, სტვენისა და შეძახილების ფონზე უკომენტაროდ შევიდა. ირაკლი კობახიძე სასტუმროში რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციას ესწრება.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ რეჟიმში გააგრძელებენ ბრძოლას, მანამ, ხელისუფლება პროპორციული საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა. აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ. მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.