შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მცხეთის მერიასთნ მომხდარ დაპირისპირებაზე დაკავებულია 7 ადამიანი. მათ შორის 3 ქართული ოცნების, ხოლო 4 მოძრაობა გაბედეს აქტივისტია.

შსს-ს განცხადებით, გამოძიება საქართველოს ადმინისტაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

დღეს, 2 დეკემბერს მცხეთის მერიასთან მისულ გაბედეს აქტივისტებს დიმიტრი ხუნდაძის ბიუროში შესვლა სურდათ, რის შემდეგაც მათ ქალაქის მერი და მერიის თანამშრომლები დაუპირისპირდნენ. აქტივისტები ამბობდნენ, რომ ოცნების მხარდამჭერები მათ ფიზიკურადაც გაუსწორდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებთან მისვლას დაპირისპირება და დაკავებები მოჰყვა.

გაბედეს აქტივისტებმა ახალი საპროტესტო კამპანია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ისინი მმართველი პარტიის დეპუტატების ბიუროს ოფისებთან მიდიან და სიმბოლურად 41 ვერცხლს, უფრო ზუსტად კი შოკოლადის მონეტებს უტოვებენ. მათი თქმით, ეს ვერცხლი ეკუთვნის მათ, ვინც "გაიყიდა".

"გამყიდველის ვერცხლი" ბიბლიური ისტორიიდანაა, რომლის თანახმადაც მოციქულმა იუდამ იესო ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა. ამ შეთხვევაში რიცხვი 41 ქართული ოცნების საარჩევნო ნომერს ასახავს.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.