პარლამენტის დეპუტატის, ეკა ბესელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის დეპუტატ ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერებამდე პარლამენტი საქმეზე ყველა ინსტანციის გადაწყვეტილებას უნდა დაელოდოს.

"განაჩენი არის მხოლოდ პირველი ინსტანციის, რომელიც ფორმალურად კი არის კანონიერ ძალაში, მაგრამ მეორე და მესამე ინსტანციამ რომ შეცვალოს ეს განაჩენი, ამისთვის საჭიროა, რომ პარლამენტმა აცადოს მართლმსაჯულებას დასრულება. ვიდრე არ დასრულებულა საბოლოოდ მართლმსაჯულება და ყველა ინსტანცია არ ამოიწურება, იქამდე არ მიიღოს გადაწყვეტილება", — განაცხადა დეპუტატმა.

შვიდი წლის წინ აღძრულ ქართუ ბანკის გაკოტრების საქმეზე ნაციონალური მოძრაობის დეპუტატს, ნიკა მელიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 25 000-ლარიანი ჯარიმა დააკისრა და 3 წლით თანამდებობის დაკავების უფლება აუკრძალა. სასამართლომ მელია საქმის ერთ ეპიზოდში გაამტყუნა, მეორეში კი გაამართლა.

ამავე საქმეზე ბრალდებული იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი კი სასამართლომ სრულიად გაამტყუნა და შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. საბოლოო განაჩენით, ადეიშვილს 5 წელი და 3 თვე განესაზღვრა.

ნიკა მელია საქართველოს პარლამენტის დეპუტატია. იმისთვის, რომ სასამართლო განაჩენი აღსრულდეს, შესაძლოა მას დეპუტატის უფლებამოსილება ჩამოართვან, რაზეც პარლამენტმა უნდა იმსჯელოს. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისის საქმის გამოძიების ფარგლებში პროკურატურის მოთხოვნით პარლამენტმა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი ჩამოართვა.

ამავე თემაზე: