მცხეთაში დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან მიმდინარე აქციაზე დააკავეს მოძრაობა გაბედეს რამდენიმე აქტივისტი, მათ შორის ბექა ნათელაშვილი. პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით გაიყვანა ტერიტორიიდან.

დაპირისპირება ხუნდაძის ბიუროსთან მას შემდეგ დაიწყო, რაც აქტივსიტებმა პროტესტის ნიშნად 41 ვერცხლის მონეტა მიიტანეს. ისინი დეპუტატთან შეხვედრას ითხოვდნენ, რომ მონეტები გადაეცათ და მოესმინათ განმარტება, თუ რატომ ჩააგდო პროპორციული საარჩევნო სისტემა, თუმცა მათ ადგილზე ქართული ოცნების მხარდამჭერები და პოლიცია დახვდათ.

გაბედეს აქტივისტებმა ახალი საპროტესტო კამპანია დაიწყეს, რომლის ფარგლებშიც ისინი მმართველი პარტიის დეპუტატების ოფისებთან მიდიან და სიმბოლურად 41 ვერცხლს, უფრო ზუსტად კი შოკოლადის მონეტებს უტოვებენ. მათი თქმით, ეს ვერცხლი ეკუთვნის მათ, ვინც "გაიყიდა".

"გამყიდველის ვერცხლი" ბიბლიური ისტორიდანაა, რომლის თანახმადაც მოციქულმა იუდამ იესო ქრისტე 30 ვერცხლად გაყიდა. ამ შეთხვევაში რიცხვი 41 ქართული ოცნების საარჩევნო ნომერს ასახავს.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებთან მისვლას დაპირისპირება და დაკავებები მოყვა.

ბოლო დღეების მოვლენები

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.