ქართული ოცნების ლიდერს, ირაკლი კობახიძეს სასტუმრო ქორთიარდ მერიოტთან სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე შენობაში სირცხვილის კორიდორის გავლით, სტვენისა და შეძახილების ფონზე უკომენტაროდ შევიდა. ირაკლი კობახიძე სასტუმროში რეგიონალურ საპარლამენტო კონფერენციას ესწრება.

აქციის მონაწილეების თქმით, ამ რეჟიმში გააგრძელებენ ბრძოლას, მანამ, ხელისუფლება პროპორციული საარჩევნო სისტემას მხარს არ დაუჭერს.

"იქიდან გამომდინარე, რომ ქართული ოცნების დეპუტატები და განსაკუთრებით ირაკლი კობახიძე აკეთებს ძალიან უტიფარ კომენტარებს და განცხადებებს, ამიტომ ჩვენ მათ დავპირდით, რომ ისინი ვერ გადაადგილდებიან თავისუფლად და წყნარად, პროტესტის გარეშე", — თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

30 ნოემბერს, სასტუმრო ბილტმორში დიპლომატიური კორპუსის მონაწილეობით ოპოზიციისა და ქართულ ოცნების შეხვედრა გაიმართა. ამ შეხვედრის წინ ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ოპოზიციას არაფერს სთავაზობს და მათ შეუძლიათ ქუჩაში დარჩნენ.

შეხვედრა, რომელსაც მხოლოდ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარეები, დავით უსუფაშვილი, ნინო ბურჯანაძე, აკაკი ასათიანი და ირაკლი კობახიძე ესწრებოდნენ უშედეგოდ დასრულდა. დიპლომატიური კორპუსის ჩართულობისა და საერთო შეხვედრის მიუხედავად, მმართველი გუნდი ოპოზიციას ე.წ. გერმანულ მოდელზე მაინც არ დათანხმდა.

ნოემბრის მოვლენები — მოკლედ

მას შემდეგ, რაც ქართული ოცნების დეპუტატებმა პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტი ჩააგდეს, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში საპროტესტო აქციები იმართება. პროტესტის ფარგლებში პიკეტირებული იყო მთავარი საკანონმდებლო ორგანოც, რომლის შესასვლელებიც ხელისუფლებამ ორჯერ სპეცრაზმისა და წყლის ჭავლის გამოყენებით გახსნა.

აქციის დაშლის შემდეგ ოპოზიციამ და სამოქალაქო აქტივისტებმა პროტესტი ახალი ფორმა "მაინც დაგაბოქლომებთ" დაიწყეს. ისინი სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებსა და ქართული ოცნების დეპუტატების ოფისებს ბოქლომებს ადებენ.

მას შემდეგ, რაც პარლამენტის პიკეტი მესამედ დაანონსდა, ხელისუფლებამ პარლამენტის მიმდებარე ქუჩები რკინის კონსტრუქციებით ჩაკეტა. კონსტრუქციები ხელს უშლიდა მოქალაქეებს გადაადგილებაში. პოლიციამ გზები აქციის დაშლის შედეგ გაათავისუფლა.